რელიგია
ნორლანდი: „პატრიარქს ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა“

1-elchi-patriarqiსაქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 26 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარემა ილია მეორემ აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და მისი მეუღლე მერი ჰარტნეტი საპატრიარქოში მიიღო.

მისმა უწმიდესობამ, პატრიარქმა ილია II და ამერიკის ელჩმა ისაუბრეს საქართველოს საშინაო საქმეებში ბოლო დროს მიღწეულ პროგრესზე, აგრეთვე, მთავრობისა და ოპოზიციის მცდელობებზე, განმუხტონ არსებული პოლიტიკური დაძაბულობა. პატრიარქმა საქართველოს უცხოელ მეგობრებს სთხოვა, დაეხმარონ ქვეყანას, რათა მან დაიცვას სამართლიანობა და თავიდან აიცილოს ანგარიშსწორება.

„პატრიარქს ძალიან აღელვებს საქართველოში არსებული მდგომარეობა. მასთან საუბარი ჩემთვის ძალიან შთამაგონებელი იყო, რადგან მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ პერიოდში ძალიან დიდი მოთმინებაა საჭირო. პატრიარქს ძალზე უყვარს საკუთარი ქვეყანა. შევეხეთ იმ გამოწვევებს, რომელიც არის კოაბიტაციის წარმატებულად გაძღოლის გზაზე. პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი წარმატებულად წარიმართება და ჩვენ გვქონდა სრული თანხვედრა ხედვაში იმაზე, რომ ლიდერები ორივე მხარეს მუშაობენ და ეძებენ გამოსავალს, რომ ამ საკითხში წინსვლა იყოს. ასევე, ჩვენი პოზიციები ემთხვევა იმაზე, რომ მისაღწევია ბალანსი, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანობა და, ამავე დროს, იქნება პატიების გრძნობაც, რომ პროცესი შურისძიებაში არ გადაიზარდოს“, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა გუშინ სასტუმრო „რედისონში“  პატრიარქთან შეხვედრის კომენტირებისას.