სამართალი
საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. რფ-ის გამოძიების მიერ რუსეთში მასობრივი არეულობების ორგანიზებაში ბრალდებული ქართველი პოლიტიკოსის – გივი თარგამაძის, ადვოკატმა გალინა სტეპანენკომ მისი დაუსწრებლად დაპატიმრება გაასაჩივრა.
„მოსკოვის საქალაქო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შევიტანე, სადაც ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ვითხოვ, რომელმაც დაუსწრებლად შეუფარდა აღმკვეთი ღონისძიების ზომა პატიმრობის სახით“, – აღნიშნა სტეპანენკომ და დასძინა, რომ ბასმანის სასამართლომ თარგამაძის საქმის განხილვისას რიგი დარღვევები დაუშვა. ადვოკატისავე განცხადებით, თარგამაძე ან მისი რომელიმე წარმომადგენელი მას ჯერ არ დაკავშირებია, სტეპანენკო ადვოკატად თავად სასამართლომ დანიშნა.საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ამა წლის 21 თებერვალს ბასმანის სასამართლომ საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარე გივი თარგამაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
უწინ რფ-ის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ მარკინი იტყობინებოდა, რომ გამოძიება ფლობს სამხილებს, რომლებიც ადასტურებს თარგამაძის მიერ რუსული ოპოზიციის დაფინანსებასა და მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე, 2012 წლის 6 მაისს მასობრივი არეულობების ორგანიზებასთან მის კავშირსაც.