„მას შემდეგ, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ერთპიროვნულად გაათავისუფლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია, ახლა დაცვით სარგებლობის სანაცვლოდ, პრეზიდენტს პირობად უყენებს კონსტიტუციის შეცვლის საკითხს. საქართველოს პრეზიდენტის სახელით, უფლებამოსილი ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ პირობებში მხოლოდ ერთადერთ გამოსავალს ხედავს – მთლიანად უარი თქვას დაცვის სამსახურით სარგებლობაზე. მინდა, გაცნობოთ, რომ პრეზიდენტის დაცვის სპეციალური ღონისძიებები დღევნდელი დილიდან აღარ ხორციელდება. თუმცა, ქვეყნის პირველ პირს ეს ხელს ვერ შეუშლის ვერც გადაადგილებაში და ვერც, შესაბამისად, ხალხთან შეხვედრებში, რაც ბოლო კვირების განმავლობაში სისტემატურად ხდებოდა. ქვეყნის პირველი პირი მადლობას უხდის სახელმწიფო დაცვის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ წლების განმავლობაში მასთან ერთად იყო და პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს“, –განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩუბინიძის დანიშვნასთან დაკავშირებით გუშინვე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, რომელმაც ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ოპონენტების განცხადებით, ეს დანიშვნა პოლიტიკური ხასიათისაა, განაცხადა: „ამ სამსახურს თუ გუშინდლამდე მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსი ჯანაშია ხელმძღვანელობდა, ეს იყო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ეს დანიშვნა პოლიტიკურია?“ – აღნიშნა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურს პროფესიონალმა უნდა უხელმძღვანელოს. „მე მაგალითად, მაგ საქმეში არ გამოვდგებოდი“, – განაცხადა მან.
ცნობისათვის: ოპოზიციაში გადასულ პრეზიდენტ სააკაშვილსა და საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის შესაძლო გაუგებრობებისა და წინააღმდეგობის გათვალისწინებით, ახალი მოწვევის საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტიდან პრეზიდენტის სამსახურის გამოყოფა მხოლოდ პრეზიდენტს დაქვემდებარებულ ცალკე სტრუქტურად. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტს დღესაც უპრეცედენტო რაოდენობის დაცვა ჰყავს, რომელსაც მსოფლიოში ნაკლებად მოეძებნება ანალოგი. ოფიციალური მონაცემებით, ეს არის 11 საავტომობილო ესკორტი და 350 პირადი მცველი (დაუზუსტებელი მონაცემებით - 500), რომლებიც მიხეილ სააკაშვილს, მის მეუღლეს და ორ შვილს იცავენ. საკმაოდ მრავალრიცხოვანი საპრეზიდენტო დაცვით სარგებლობს, აგრეთვე, მისი დედა - ქალბატონი გიული ალასანია, თუმცა, საქართველოს კონსტიტუციით ეს გათვალისწინებული არ არის. რაც შეეხება მატერიალურ უზრუნველყოფას – საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ 7 თვეზე მთავრობამ 7 მილიონი ლარი გამოყო, ანუ – 1 მილიონი ლარი თვეში.