საზოგადოება
ქართულ-უკრაინულ ბიზნესმენთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გუგუშვილის განცხადება

1-saqa-ukraina-sazoooo1საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, საქართველოში იმყოფებოდა უკრაინელ ბიზნესმენთა ჯგუფი და ოფიციალურად დაფუძნდა ქართულ-უკრაინული ბიზნესსაბჭო.
უკრაინელ ბიზნესმენებს მეტად ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდათ საქართველოს მთავრობის წევრებთან, სადაც ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში უკრაინელ ბიზნესმენებს პირადად მინისტრმა უმასპინძლა და დეტალურად გააცნო ის ცენტრალური თუ რეგიონული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც მთავრობა უახლოეს პერიდში გეგმავს და ტენდერებს გამოაცხადებს. საყურადღებოა, რომ უკრაინელმა ბიზნესმენებმა ამ პროექტებისადმი სერიოზული ინტერესი გამოიჩინეს და მასში მონაწილეობის საკითხს ინტენსიურად განიხილავენ.
უკრაინელმა ბიზნესმენებმა ინტერესი გამოიჩინეს სოფლის მეურნეობისადმი, კერძოდ მეცხოველეობის, რძის შემგროვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობის მიმართ.

როგორც ქართულ-უკრაინული ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გუგუშვილი საქინფორმს ატყობინებს, „საბჭო მუშაობს ახალ პროექტებზე, რომელსაც უახლოეს ხანში წარვუდგენთ ქართული მხარეს, ვემზადებით უფრო ფართომასშტაბიანი შეხვედრისთვის. ვაპირებთ, ინვესტიციები ჩავდოთ განათლების სისტემაში, ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში, საბანკო და საფინანსო სფეროში“.
უკრაინელი ბიზმესმენები დაინტერესდნენ სპორტით, კერძოდ ძიუდოთი. „იგეგმება მონაწილეობა კულტურულ ღონისძიებებში, ვფიქრობთ, აქტიურად ჩავერთოთ დიდი ქართველი შემოქმედის – ვაჟა-ფშაველას, საზეიმო დღეებში, რაც, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს კულტურული ურთიერთობების განმტკიცებას. საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით, ვგეგმავთ, დავეხმაროთ შიდა მეურნეობის განვითარებაში, ასევე, ვფიქრობთ ტურიზმის კუთხით სერიოზული პროექტების განხორციელებას, უკრაინაში მართლმადიდებლური სიწმინდეების მონახულება-მოლოცვის მიზნით ტურების ორგანიზებას და სხვა.
აქვე განსაკუთერებით მინდა, აღვნიშნო, რომ უკრაინელი ბიზნესმენების საქართველოში სტუმრობის და ნაყოფიერი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკრაინისა და საქართველოს საელჩოებმა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებთ“,
– აცხადებს გუგუშვილი.

უკრაინელ ბიზნესმენებს იმედი აქვთ, რომ მათ მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები წარმატებული იქნება არა მარტო ბიზნესში, არამედ ჩვენი ხალხის ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებასა და დაახლოებაში.