აქტუალური
ივანიშვილს მოსკოვში ელოდებიან

1-moskovi-vizitiსაქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერის მოსკოვში ვიზიტი ივანიშვილისა და სააკაშვილის ბრძოლის შედეგზეა დამოკიდებული. ამის შესახებ პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა გაზეთ „იზვესტიას“ განუცხადა. მარკოვის თქმით, „ივანიშვილს სურს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს რუსეთთან ურთიერთობები, თუმცა, ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან მისთვის მთავარი პრიორიტეტი სააკაშვილის „გაძევებაა“. საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი კი სწორედ იმას ელოდება, როდის დაიწყებს ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთოების გაუმჯობესებას, რათა მყისვე ხმაური ატეხოს და ამით ანტირუსული ელექტორატის მხარდაჭერა მოიპოვოს“.

პოლიტოლოგის აზრით, აქედან გამომდინარე, ივანიშვილისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, თავი წარმოაჩინოს არა როგორც რფ-თან ურთიერთობების გაუმჯობესების, არამედ როგორც ამ ურთიერთობების ნორმალიზების მოსურნე პოლიტიკოსმა.

„იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, ასევე, ნათქვამია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ახალ ეტაპზე გადადის და ამას ადასტურებს ორმხრივი მოლაპარაკებების აქტივიზაციაც, ორი ქვეყნის საგარეო უწყებათა მაღალჩინოსნების მოსალოდნელი შეხვედრა კვირის ბოლოს პრაღაში. „თეთრმა სახლმა საქართველოს სამი დროშაც კი შეიძინა თბილისიდან პრემიერ ივანიშვილის ხელმძღვანელობით მაღალაჩინოსანთა დელეგაციის მიღების შემთხვევისთვის“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც „იზვესტიას“ სამთავრობო წყარომ აუწყა, საქართველოს დროშების შეძენა შესაძლოა მართლაც იმაზე მეტყველებდეს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე 2013 წელს მოსკოვში ელიან.

ამასთან, ოფიციალურად ამგვარი ვიზიტისთვის მზადებას უარყოფენ. ვლადიმერ პუტინის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის თქმით, დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას. იმავეს აცხადებს საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რომლის თქმითაც, ივანიშვილის ვიზიტი მოსკოვში დაგეგმილი არ არის.