საზოგადოება
საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. სასჯელაღსრულების №1 დაწესებულება, ე.წ. ორთაჭალის კრიტი საბოლოოდ დაიხურა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივით, დახურვის დღეს ხსენებული დაწესებულება მედიის წარმომადგენელებმა დაათვალიერეს. მათთან ერთად დაწესებულებაში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, შესაძლოა, ეს შენობა მუზეუმს გადაეცეს. მისივე განმარტებით, დაწესებულებაში ამნისტიის შემდეგ 600-მდე პატიმარი დარჩა, რომელთა ნაწილს დახურული ტიპის დაწესებულებაში ყოფნის ვადა ამოეწურა და ისინი სხვადასხვა ნახევრადღია დაწესებულებაში გადანაწილდნენ.ამასთან, პატიმრების უმეტესობა, რომლებსაც დახურული ტიპის დაწესებულებაში ყოფნის ვადა კიდევ დარჩათ, რუსთავის №6 დახურული ტიპის დაწესებულებასა და გლდანში გადაიყვანეს.
სოზარ სუბარის განმარტებით, დღეს ოკუპაციის დღეა, რაც სიმბოლურად დაემთხვა აღნიშნული დაწესებულების დახურვას. „საბჭოთა ოკუპაციის ერთ-ერთი სახე იყო ეს შენობა, სადაც პატიმრები გაუსაძლის მდგომარეობაში იყვნენ. ერთ საკანში 28 პატიმარი ცხოვრობდა, ჭერზე ჰქონდათ ცელოფნები გაკრული, რათა ზედა საკნიდან ფეკალური მასები და წყალი არ ჩამოსულიყო, ამასთან, კედლებში იყო ბაღლინჯოები და მღრღნელები და აქ ყოფნა თავისთავად უტოლდებოდა წამებას; დაწესებულება საბოლოოდ დაიხურება და მსგავს პირობებში პატიმრები აღარასდროს აღარ იქნებიან. სააკაშვილი საუბრობს დასავლურ ღირებულებებზე და ასეთი დაწესებულები არსებობს“, – განაცხადა სუბარმა.