საქართველო 25 თებერვალი, საქინფორმი. დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში მაია ფანჯიკიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა საშინაო საკითხებში სესილია მალმსტრომმა განაცხადა, რომ საქართველო ვიზების ლიბერალიზაციის შეთანხმებას ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ მიიღებს, რაც ხელისუფლების ტემპებზეა დამოკიდებული. მალმსტრომმა საქართველოს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში შესასრულებელი სამოქმედო გეგმა გადასცა და აღნიშნა, რომ „ამ გეგმის გადმოცემა არ იქნებოდა შესაძლებელი, საქართველოს რომ არ აეღო სრული ვალდებულება ევროინტეგრაციის კუთხით. თქვენ ბრწყინვალე პროგრესს მიაღწიეთ ბევრი მიმართულებით. მე მინდა, საქართველოს ხელისუფლებას მივულოცო ეს მიღწევა. ვიზის ლიბერალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იმისთვის, რომ განმტკიცდეს ხალხთაშორისი კონტაქტები. ეს არის ხელშესახები მიმართულება. აქ არის მინიშნებული გარკვეული მოთხოვნები, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რათა შექმნას უსაფრთხო რეჟიმი და გარემო გადაადგილებითვის. ეს არის გაიდლაინი იმისთვის, რათა პროგრესი იქნეს მიღწეული კონკრეტულ მიმართულებებში. გვინდა, წავახალისოთ საქართველო, რომ გააგრძელოს რეფორმები, რაც მეტად მნიშვნელოვანია დიალოგის მიზნებიდან გამომდინარე, მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოების მოდერნიზაცია. ეს გაიდლაინები ზოგი უკვე შესრულებულია საქართველოს მხრიდან, არის მიმართულებები დარჩენილი, სადაც ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების ვალდებულებას, განახორციელოს ეს სამუშაო ევროპასთან თანამშრომლობით“.