სამართალი
„გუნავასთვის ნარკოტიკისა და იარაღის ჩადება არ დადასტურდა“

1-gunava-sammarTaa3საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. შსს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის (ამჟამად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი), თენგიზ გუნავასთვის, იარაღისა და ნარკოტიკის ჩადების ფაქტი არ დასტურდება. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა  „პოსტსკრიპტუმის“ ეთერში განაცხადა. გუნავას ადვოკატის განცხადებით, მას ნარკოტიკი და იარაღი ჩაუდეს. გამოძიების შედეგად ეს ფაქტი არ დადასტურდა, რადგან აღნიშნულის სასარგებლოდ არის მხოლოდ გუნავას ჩვენება, სამაგიეროდ ის, რაც გამოძიების შედეგად დადასტურდა, ეს არის უსწორობები, რომელიც დაკავებისა ჩხრეკის ოქმში არის აღნიშნული. კერძოდ, გუნავას დაკავება, მისი გადაყვანა სამინისტროში, მისი აყვანა ლიფტში, აცდენილია იმ რეალურ დროს, რომელსაც სინამდვილეში ჰქონდა ადგილი. აი, ეს სხვაობები იქნა გამოვლენილი და ამას აქვს შესაბამისი შეფასება მიცემული“, – განაცხადა კბილაშვილმა.

მისივე განმარტებით, საზოგადოებისთვის დღეს დეტალურად გაიგებს პროკურატურის პოზიციას.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ თენგიზ გუნავა ორჯერ დააკავეს. ერთ-ერთ ბრალდებასთან, რომელიც  ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს, მან  2012 წლის 19  ნოემბერს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე განყოფილების დეტექტივებსა და გამომძიებლებს საქართველოს მთავარ პროკურატურაში უჩივლა. ის მისთვის ბრალის წაყენებას ბაჩო ახალაიასთან  მეგობრობას და ამ ნიშნით ანგარიშსწორებას უკავშირებდა. მისი მტკიცებით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მის ორგანიზმში იყო ნარკოტიკული საშუალება მორფინი, რომელიც დაკითხვისას წყალში გარეული დაალევინეს. გარდა ამისა, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჯიბეში „მაკაროვის“ სისტემის იარაღი ჩაუდეს.

გუნავას აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით  თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.