სამართალი
კბილაშვილი: „თუ მოწმის ურთიერთგამომრიცხველ ჩვენებაში მისი განზრახვა დავინახეთ, მიეცემა პასუხისგებაში“

1-kbilaSvili-samarTaa2საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმის მკითხველმა უკვე იცის, გასულ კვირას შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავეს და ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკითხეს, რომელსაც უმალ მოჰყვა დონაძის გამამართლებელი მტკიცებულებების გავრცელება და საქმის თავდაყირა დაყენება.

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავას მიერ პროკურატურაში წარდგენილ ახალ ვიდეომასალას რეალობასთან კავშირი არ აქვს და ის მომხდარიდან დაახლოებით 50 წუთის შემდეგაა გადაღებული. „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში იგი ამბობს, რომ ბიჭებიდან არცერთს იარაღი არ ჰქონია და შემთხვევის ადგილზე იარაღი პირადად ზურაბ მიქაძემ მიიტანა. მისივე თქმით, იმის ალბათობასაც უშვებს, რომ ეს ფირი ირაკლი ფირცხალავას შემოუგდეს. „ეს ფირი ირაკლი ფირცხალავას რომ არ გამოეჩინა, შეიძლებოდა მისთვის ფირის განადგურება დაებრალებინათ. არც ალექსანდრე გვაზავა, არც ირაკლი ფირცხალავა და არც ირაკლი იაშვილი საქმის გაყალბების დროს იქ არ ყოფილან. მიქაძემ თავიდანვე დაიწყო ამ საქმით ვაჭრობა და თქვა, თითქოს მას ზურაბ ბაქრაძემ დაავალა ეს, მაგრამ ეს არ გამოუვიდა, ახლა ახალ ვერსიას თხზავს“, – აცხადებს ბაქრაძე.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დაკითხული პოლიციელები, რომლებმაც გასულ წელს განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე მათ იარაღი არ უნახავთ, ამჯერად ჩვენებებს ცვლიან და აცხადებენ, რომ მათ ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცეს.

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ რომ ფირცხალავას მიერ პროკურატურაში წარდგენილი ვიდეომასალა ოთხ ექსპერტიზას გადის – (ერთი – საქართველოში, სამი კი – საზღვარგარეთ). „მასალის დაბრუნების შემდეგ  დასკვნას დართული ექნება კოპირებული ასლი და ყველას შეეძლება შეადაროს, რომ ტექსტობრივი ნაწილი ნამდვილად მომზადებულია ფირცხალავას მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალაზე“, – ამბობს კბილაშვილი. მოწმის სტატუსით დაკითხულ პოლიციელთა მიმართ კი აცხადებს: „დღეს დაკითხულთაგან რამდენიმე ადამიანი განსხვავებულ ჩვენებას იძლევა. თუ ჩვენ მივედით იმ აზრამდე, რომ არის ურთიერთგამომრიცხველი ჩვენება და ეს მოწმეს არა გულმავიწყობით, არა მეხსიერების ხარვეზის გამო დაემართა, არამედ მისი განზრახვა დავინახეთ, ასეთ მოწმეს აუცილებლად მივცემთ პასუხისგებაში“.

ცნობისათვის: ზურაბ ბაქრაძე ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია. იგი ამჟამად იძებნება.