სამართალი
საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. რფ-ის საგამოძიებო კომიტეტი რუსეთში მასობრივი არეულობების ორგანიზებაში ბრალდებულ გივი თარგამაძეს ურჩევს, მგზავრობისთვის ისეთი ქვეყნები შეარჩიოს, რომლებიც ინტერპოლის წევრები არ არიან.
„ჩვენ საღად ვაფასებთ სიტუაციას ქართული მხარისგან თარგამაძის გადამოცემასთან დაკავშირებით. ასეა თუ ისე, ბატონ თარგამაძეს შეუძლია აირჩოს – ან, სანამ ამის საშუალებას საქართველოს კანონმდებლობა აძლევს, რუსეთის მართლმსაჯულებას კავკასიის ქედის მიღმა, მაგალითად, პანკისის ხეობაში, დაემალოს, ანდა, საზღვარგარეთული ტურნეს დაგეგმვის შემთხვევაში გულდასმით შეარჩიოს ქვეყნები, რომლებიც სისხლის სამართლის პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ინტერპოლის) წევრები არ არიან“, – განაცხადა რფ-ის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა და იქვე დასძინა, რომ ქართველ დეპუტატს შეუძლია თავშესაფრად აირჩიოს პალაუ, სოლომონის კუნძულები, მიკრონეზიის ფედერაციული შტატები ანდა ტუვალუ...მარკინი დარწმუნებულია, რომ თარგამაძეს დააკავებენ და რუსეთს გადასცემენ, თუკი იგი ინტერპოლის რომელიმე წევრ-ქვეყანაში აღმოჩნდება. ასეთი კი 189 ქვეყანაა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ გივი თარგამაძეს, რომელსაც რუსეთში მასობრივი არეულობის ორგანიზება ედება ბრალად, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გუშინ, 21 თებერვალს, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო გადაწყვეტლებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსი აქტიურად უწევს ოპოზიციას კონსულტაციებს სხვადასხვა ქვეყანაში და თუ ის თავისუფლებაზე დარჩება, შესაძლოა, რუსეთში არეულობების მოწყობის განზრახვა ბოლომდე მიიყვანოს.