სააკაშვილი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღის დანიშვნას ითხოვს
საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტს წერილით მიმართავს:
„უპირველეს ყოვლისა, გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, როგორც ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს და მოგმართავთ თქვენ – ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს. მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია, რომლის დაცვა საქართველოს თითოეული მოქალაქის, მათ შორის, უწინარესად, ქვეყნის ხელმძღვანელი პირების უმთავრესი ვალდებულებაა.
ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა, დაცული იქნეს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც, ერთი მხრივ, ქვეყნის პირველ პირს ავალდებულებს, პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებსა და საზოგადოებას; მეორე მხრივ, კონსტიტუცია ავალდებულებს პარლამენტს, მოუსმინოს საქართველოს პრეზიდენტს. მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის ამ ნორმის დაცვით, ცოტა ხნის წინათ შექმნილ ბევრ გართულებას ავიცილებდით თავიდან. საქართველოს პრეზიდენტი არის კონსტიტუციის დაცვის გარანტი, მისი აღსრულების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა კი საქართველოს პარლამენტსაც ეკისრება. აქვე შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მოსმენა უახლოეს მომავალში უნდა შემდგარიყო. ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, უზრუნველყოთ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის დაცვა და დანიშნოთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის თარიღი. ჩვენი მხრივ, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტი დაიცავს ქვეყნის ძირითად კანონს და როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, ისე ჩვენს ხალხს მიეცემა საშუალება, მოისმინოს საქართველოს პრეზიდენტის მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პატივისცემით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“.