სამართალი
ექსპერტები: „ვიდეომასალა აშკარად დამონტაჟებულია“

1-eksperti-saz-1საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტთა შეფასებით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, აშკარად დამონტაჟებულია. ეს განცხადება დამოუკიდებელმა სასამართლო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ და ექსპერტ-ფონოსკოპისტმა მარიკა ტოკლიკიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. გეჯაძის თქმით, ბუტა რობაქიძის გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პირობებში შესაძლებელი იყო.

თავის მხრივ, ექიმი-ფონოსკოპისტი მარიკა ტოკლიკიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულ კადრებში იარაღის გასროლის ხმა ყალბია, კადრები კი დამონტაჟებულია. „გასროლა ხდებოდა სხვაგან, ამიტომ იმ პოლიციელებს ვერ ექნებოდათ ადეკვატური რეაქცია იმ მომენტში გასროლის ხმაზე“, – აღნიშნა ტოკლიკიშვილმა.

მისივე თქმით, პირველი უზუსტობა იკვეთება იმ მომენტში, როცა ისმის გასროლის ხმა. ექსპერტის შეფასებით, ამ დროს იარაღი აღმართულია მაღლა და შეუძლებელია, ასეთი ტრაექტორიით გასროლილი ტყვია ვინმეს მოხვედროდა. მისივე განმარტებით, ამ მომენტში ხმა და კადრი ერთმანეთს არ ემთხვევა. ამასთან, მასალას გასდევს სპეციალურად დადებული ფონური ხმაური.

უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით კი, გავრცელებული კადრები არათუ ხსნის პოლიციის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხს, არამედ პირიქით – ამძიმებს მას.

„გავრცელებული კადრებით იკვეთება პოლიცილების სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით (დაუხმარებლობა) გათვალისწინებული დანაშაული, რაც ისჯება 2 წლის თავისუფლების აღკვეთით“, – აღნიშნა მჟავანაძემ.