სამართალი
რფ-ის საგამოძიებო კომიტეტი გივი თარგამაძის დაუსწრებლად დაპატიმრებას მოითხოვს

1-samart1-giviსაქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. ქ. მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლო დღეს საქართველოს პარლამენტის წევრის (წინა სეზონის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ექს-თავმჯდომარის) გივი თარგამაძის დაუსწრებლად დაპატიმრების საკითხის განხილვას გეგმავს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მას რუსეთში მასობრივი არეულობების მომზადებაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო კომიტეტმა (თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინი) სამი დღის წინ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, უფრო ადრე კი გივი თარგამაძე ცნობილ იქნა ბრალდებულად რუსეთში მასობრივი არეულობების მომზადების საქმეში, რომელშიც, ასევე, გადიან ოპოზიციონერები ლეონიდ რაზვოზჟაევი (ამჟამად ირკუტსკის საგამოძიებო იზოლატორის კარცერში იმყოფება), სერგეი უდალცოვი და კონსტანტინ ლებედევი (ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფებიან).

ცნობისათვის: ქართველი პოლიტიკოსის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემა გამომძიებლებს აქამდე არ შეეძლოთ, რადგან ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და გამომძიებლებმა არ იცოდნენ - სარგებლობს თუ არა თარგამაძე რაიმე იმუნიტეტით. საგარეო საქმეთა სამინისტროდან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ქართველ პოლიტიკოსზე ფედერალური ძებნა გამოაცხადეს.

საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი ვლადიმირ მარკინი აცხადებდა, რომ საქართველოში გაიგზავნება მოთხოვნა თარგამაძის გადაცემაზე. თუმცა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და პარლამენტში ადრეც აცხადებდნენ, რომ მას რუსეთს არ გადასცემენ, მიუხედავად რუსული მხარის მოთხოვნისა, რამდენადაც ის საქართველოს მოქალაქე და პარლამენტარია და ამას საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს (ოფიციალურმა თბილისმა მაშინ ისიც განაცხადა, რომ არანაირი ოფიციალური მოთხოვნა რუსეთიდან თარგამაძის საქმეზე ჯერჯერობით არ მიუღია).