სამართალი
საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული უწყებისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროების წარმომადგენლებმა, საქართველოს ექიმთა ასოციაციასთან ერთად, შეიმუშავეს დაავადებათა ახალი ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მოხდება მსჯავრდებულთა სასჯელისგან გათავისუფლება.
2013 წლის 15 თებერვალს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს. 2013 წლის 15 თებერვლის ბრძანებაში მითითებული დაავადებათა ჩამონათვალი (ტუბერკულოზი, ავთვისებიანი სიმსივნეები, სხივური დაავადება, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ფსიქიკური აშლილობები, ნერვული სისტემის დაავადებები, მხედველობის მოშლა და სიბრმავე, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სასუნთქი გზების დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, თირკმლის დაავადებები, ძვალსახსროვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, ანატომიური დეფექტები, აივ ინფექცია/შიდსი, ჰემატოლოგიური დაავადებები) შეესაბამება დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორს (ICD-10), სადაც ნათლად არის განსაზღვრული დაავადებათა სტადიები და გართულებები, რომლის შემთხვევაშიც მსჯავრდებული უნდა გათავისუფლდეს, ასევე, შეტანილია თვისობრივად ახალი მუხლი (მუხლი 16), რომელიც იძლევა იმ მსჯავრდებულ პაციენტთა შეფასებისა და გათავისუფლების შესაძლებლობას, რომელთა შემთხვევაშიც სამედიცინო ჩარევა უშედეგოა.