საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტში დეპუტატებმა უკვე გააკეთეს პირველი შეფასებები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძის განცხადებებთან დაკავშირებით.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ამ მოლაპარაკების ჩაშლაში საპარლამენტო უმრავლესობის წამომადგენელთა როლი ყველაზე მინიმალურია: „სააკაშვილი და მისი რამდენიმე წევრია ეჭვმიტანილი ამ მოლაპარაკების ჩაშლაში. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი დანაპირების შესრულებას, შევქმნით კონსტიტუციური რეფორმების კომისიას, საარჩევნო რეფორმების კომისიას, მათ შორის, გამოვაცხადებთ პოლიტიკურ ამნისტიას საშუალო და დაბალი რანგის ჩინოვნიკებისათვის, თუ რაიმე მძიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ, მაგრამ მაღალი თანამდებობის პირებს ჩვენ ვერ ვაპატიებთ იმას, რისი პატიების უფლებაც ჩვენთვის ქართველ ხალხს არ მოუცია“.
ზვიად ძიძიგურის განმარტებით, უმრავლესობის მხრიდან უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური მზადყოფნა და პოლიტიკური ნებელობა სხვადასხვა კონსტიტუციურ საკითხზე თანამშრომლობისთვის, რადგან კონსულტაციების გაჭიანურებას ვერც მოსახლეობა გაიგებს და ვერც სხვა პოლიტიკური ძალები, იმ ფონზე, როცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, „ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს – დაანებონ იმათ დევნას თავი, ვინც რაიმეთი დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“.