აქტუალური
ბაქრაძე: „თავი დაანებეთ ამ ათასობით ადამიანს“

1-baqra-pollitika3საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ვერ შეთანხმდნენ რამდენიმე საკითხში, კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დასახელებულ თემაზე, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის ნორმალიზაციას, ზეწოლებისა და პოლიტიკური დევნების შეჩერებას.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, დაცული იქნეს ადამიანების, მათ შორის, ნაციონალთა მომხრეების, უფლებები და დაცული იყვნენ ადამიანები პოლიტიკური დევნისა და ზეწოლისაგან.

„მე არ ვსაუბრობ ე.წ. გახმაურებული და რეზონანსული საქმეების გამოძიებებზე, მკვლელობების გამოძიებებზე, წამების გამოძიებებზე – იქ რა ხდება, კიდევ ცალკე თემა და ცალკე სასაუბროა, მაგრამ 15000 ადამიანი დაკითხულია ერთადერთი ნიშნით – რაღაც ფორმით რომ უკავშირდებიან „ნაცმოძრაობას“. ამიტომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ნორმალურ ცხოვრებაზე, ერთ ქვეყანაში ნორმალურ ურთიერთობაზე, ამ პროცესის გარეშე ეს არის წარმოუდგენელი“, – აცხადებს ბაქრაძე.

მისი განმარტებით, მათთვის მაშინაც და დღესაც ამოსავალი წერტილია, რომ შეჩერდეს პოლიტიკური ზეწოლა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა: „ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რომ არ მოხდეს დღევანდელი მთავარი ოპოზიციური ძალის – „ნაციონალური მოძრაობის“ – განადგურება, როგორც პოლიტიკური ძალის, და ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ვიაროთ შერიგების, და არა მუდმივად დაპირისპირების გაღრმავების გზით“.

საპარლამენტო უმცირესობის დღევანდელ მთავარ პოზიციას ბაქრაძე საჯაროდ აფიქსირებს: ლიდერების დონეზე, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების დონეზე, თუ სადმე რაიმე პრობლემა, დანაშაული ან გადაცდენა იყო, ჩვენ ჩვენთვის არანაირ იმუნიტეტს არ ვითხოვთ. მაგრამ თავი დაანებეთ ყველა იმ ადამიანს, ათასობით ადამიანს, რომელიც დღეს ყოველდღიურ რეჟიმში დადის დაკითხვებზე... ჩვენ მზად ვართ, პასუხი ვაგოთ ნებისმიერ არსებულ თუ დაბრალებულ დანაშაულზე“.