აქტუალური
შეხვედრა „ტატა ჯგუფთან“

1-tata-aqtuaa2-mTavariსაქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. ინდური ტრანსნაციონალური კომპანია „ტატა ჯგუფი“ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას იწყებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. კომპანიის  მენეჯმენტმა საქართველოში ვიზიტი გადაწყვიტა დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით ასეთი მასშტაბის კორპორაცია პირველად დაინტერესდა, კერძოდ, წინასწარი ინფორმაციით, ისინი საქართველოში ასობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავენ. ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ საუბარი შეეხება კურორტ წყალტუბოში ინვესტიციების ჩადებასაც.

შეხვედრაზე საუბარი ქართულ მხარესა და კომპანიას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. „ტატა ჯგუფი“ დაინტერესებულია საინვესტიციო პროექტების განხორციელებით რამდენიმე სფეროში: ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.

ჯგუფის წარმომადგენლებს პრემიერიც შეხვდა.

ცნობისათვის: „ტატა ჯგუფი“  მსოფლიოს 50 წამყვან კორპორაციათა სიაში შედის, მას მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. იგი მოიცავს 114  კომპანიას, რომლებიც ბიზნესის 8 სექტორის მიმართულებით მუშაობენ, კერძოდ: ქიმიური და მძიმე მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა, კომუნიკაცია და საინფორმაციო ტექნოლოგიები, სავაჭრო სფერო, სასტუმროების ქსელი, სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა.

1-tata-aqtuaa-2-1 1-tata-aqtuaa2-2