აქტუალური
მაია ფანჯიკიძე: „ნატო - ქართველი ხალხის არჩევანია! სტალინი გაიგივებულია ჩემთვის ჰიტლერთან...“

1-fanji-aqtuaaa1საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობასა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის შეხვედრა შედგა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ნუგზარ წიკლაურმა პრემიერის სომხეთში გაკეთებული განცხადება გაიხსენა და მინისტრს ჰკითხა – თვლის თუ არა ის, რომ საქართველოსთვის სომხეთი საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართულებით კარგი მაგალითია.

მე მგონი, ყველა ქვეყნის მისწრაფება არის ის, რომ ჰქონდეს დაბალანსებული ურთიერთობა ყველასთან, ვისთანაც გარკვეული სახის თანამშრომლობა აკავშირებს, ან რაღაც მიზეზების გამო უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. საქართელოს არჩეული ჰყავს თავისი პარტნიორები. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ვინ არიან საქართველოს პარტნიორები, რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. ის არ შეცვლილა, რადგან ეს ერთი რომელიმე პარტიის კუთვნილება არ არის. ეს ქართელი ხალხის არჩევანია, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

გიორგი კანდელაკმა მინისტრს სტალინის ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით სთხოვა აზრის გამოთქმა. მისი თქმით, გორში ძეგლის აღდგენა „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული გამგებლის ინიციატივა იყო. მე ახლაც არ ვიცოდი, თუ ეს ასეა. სტალინის ძეგლის აღდგენას არ მივესალმები, კი არა ვგმობ. მე ამას კერძო ინიციატივად მივიჩნევ. სტალინი არის ყველაზე უფრო საშინელი მოვლენა მეოცე საუკუნისთვის და აბსოლუტურად გაიგივებულია ჩემთვის ეს ჰიტლერთან“, – განაცხადა მინისტრმა.

მას მიაჩნია, რომ მხოლოდ ოკუპაციის მუზეუმის გახსნა საქმეს ვერ უშველის, თუკი ბავშვს თავიდანვე ისტორიაში არ ასწავლე, რა მოვლენა იყო ეს და რატომ არის დასაგმობი“.

ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ გერმანულ გამოცდილებას უნდა მიმართოს – როგორ მიმდინარეობს გერმანიაში ფაშიზმის თემის განხილვა და დაძლევა:რომელიც ყოველთვის არის ერთ-ერთი მთავარი თემა არა მარტო საგანმანათლებლო სისტემის, არამედ პოლიტიკური სისტემისაც.

„მე პირადად ვგმობ ყველანაირი სტალინის ძეგლის აღდგენას. მიმაჩნია, რომ ეს არის კერძო პირების ინიციატივა და ამას ვუკავშირებ პირადად იმას, რომ მათთვის არ არის კარგად ცნობილი, თუ რას წარმოადგენდა სტალინი“, – განაცხადა მინისტრმა.