პოლიტიკა
სპიკერი: "უმცირესობამ ბოლო მომენტში შეთანხმება ჩაშალა"

1-daviT-politika2საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე მოლაპარაკებები ბოლო მომენტში ჩაიშალა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, რამდენიმე დღის ინტენსიური მუშაობის შედეგად მიღწეული იყო შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა, შეთანხმების რეალიზება შეუძლებელი შეიქნა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოყენებული ახალი პირობის გამო, რომლებიც ყველა საჯარო მოხელის სრულ და უპირობო ამნისტიას გულისხმობს.

დავით უსუფაშვილის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა შეთანხმდნენ შემდეგ საკითხებზე: კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღების შემდეგ, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს შეუძლია მთავრობის ერთპიროვნულად შექმნა, ყველა სხვა ცვლილებების შესატანად პარლამენტში დაწესებულიყო 3/4-იანი კვორუმი 2/3-ის ნაცვლად;

საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თაობაზე კონსტიტუციაში გაკეთებულიყო ისეთი ჩანაწერი, რომელსაც თავად „ნაცმოძრაობა“ შესთავაზებდა, ოღონდ ეს ტექსტი, პრემიერის მოთხოვნით, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთან;

პარლამენტის ადგილსამყოფელის თაობაზე კონსტიტუციურ ცვლილებებს კენჭს არ ეყრებოდა შემოდგომამდე – საპრეზიდენტო არჩევნებამდე;

კონსტიტუციის 2010 წლის მოდელი ამოქმედდებოდა მხოლოდ ნაწილობრივ და პრეზიდენტს დარჩებოდა გუბერნატორების დანიშვნის უფლება. ამასთან, დაინერგებოდა პრეზიდენტის ვეტოს კვალიფიციური უმრავლესობით დაძლეული მოდელი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის გართულებული პროცედურები და ა. შ.

უსუფაშვილის თქმით, 16 თებერვალს „ნაცმოძრაობამ“ წამოაყენა მოთხოვნა – უპირობო და სრული ამნისტია ყველა საჯარო მოხელისთვის – პრეზიდენტიდან მუნიციპალიტეტის მოხელემდე – გარდა მძიმე დანაშაულების შემთხვევებისა. ამის პასუხად უმრავლესობა მზად იყო, ამნისტია გაევრცელებინა საშუალო და ქვედა დონის ყველა საჯარო მოხელეზე. ხოლო უმაღლესი რანგის 1500-მდე საჯარო მოხელეს შეეხებოდა ნაწილობრივი ამნისტია. „თუ ისინი აღიარებდნენ დანაშაულის ჩადენას, გათავისუფლდებოდნენ სს სასჯელისგან და დაეკისრებოდა ერთადერთი სასჯელი – საჯარო სამსახურში 5 წლამდე სამსახურის უფლების ჩამორთმევა. მათი პასუხი – სრული ამნისტია ყველას, გარდა პრეზიდენტისა, მთავრობისა და პარლამენტის წევრებისა. ამაზე ვერ დავთანხმდებით – ეს იქნება მოსახლეობის საარჩევნო დაპირებების უკან წაღება, – აღნიშნა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ

„ნაცმოძრაობის“ პოზიციის მიუხედავად, – ჩვენ არ ვწყვეტთ დიალოგს ოპოზიციასთან. მაგრამ ვერც მხოლოდ უშედეგო დიალოგით შემოვიფარგლებით. უსაფუძვლო ჭირვეულობებით დროის გაჭიანურება ოპოზიციის ფუფუნებაა. ხელისუფლება კი ვალდებულია, პირველ რიგში, საქმე აკეთოს და თან დიალოგისთვისაც მზად იყოს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.