სამართალი
გურამ დონაძე: „მე დღეიდან მკვლელი არ ვარ და ეს დავამტკიცე“

1-donaZe--sammarTali1საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით კვლავ ახალი სკანდალი აგორდა.  გუშინ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ახალი ვიდეომასალა მიიტანა და კადრების ასლები ჟურნალისტებს გადასცა.

სიუჟეტს ფართო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. თუ ჩემი შვილი დამნაშავეა, არ ვიტირებ, თუ არადა, ამაზე პასუხს აგებს ყველა, წინა მთავრობაც და ახლანდელიც. მე ვნახე ჩემი შვილი, რომელიც სუნთქავდა და არ უშველეს... თუ ასეა, სისხლი სისხლის წილ იქნება!, აცხადებს ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე.

ბუტა რობაქიძის დედის – ია მეტრეველის, განცხადებით,  ეს კადრები დამონტაჟებულია და პროკურატურას სასწრაფოდ მის ექსპერტიზას და დამნაშავეების დასჯას თხოვს. კადრების გავრცელების გამო კი აცხადებს: „რუსთავი 2“-მა ერთხელ დაგვმარხა ცოცხლად, დღეს იმაზე უარესი გააკეთეს... რამდენჯერ შეიძლება გამანადგურონ ამ ავაზაკებმა. მერამდენედ შეიძლება ასე მომექცნენ... ჯერ იმაზე მიპასუხონ, ის კადრი რატომ ამოჭრეს, სადაც პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს არაფერი არ აქვთო. ეს კადრი გაეპარათ, ახლა კი ამ ჩანაწერიდან ეს კადრი ამოჭრილია. ეს არის ამათი მორიგი საზიზღრობა, რომ როგორმე თავი გადაირჩინონ“.

„ცდილობენ, დღეს შეგვიქმნან ისეთი შთაბეჭდილება, რომ იქ იყო იარაღი, და ბრალდება იმის შესახებ, რომ იქ იარაღი ჩაყარეს, არის ტყუილი“, – აცხადებს პარლამენტარი თინა ხიდაშელი ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა „პოლიტმეტრში“.

ამავე გადაცემაში შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე მიიჩნევს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის – ირაკლი ფირცხალავას, მიერ გავრცელებული ვიდეომასალის შედეგად საქმეს ფარდა აეხადა და თინა ხიდაშელს მიმართავს: „დიახ, ბატონო, ველოდები კიდევ ახალ ბრალდებებს, დედამიწების აფეთქებას, ცის ჩამოქცევას და ასე შემდეგ. დაამტკიცეთ ბრალდებები. მე ვთვლი, რომ ქალბატონ თინას უნდა, რაც შეიძლება საზიზღარი ადამიანი გამომიყვანოს, ამისთვის ყველაფერს აკეთებს, ამისთვის დგამს უკვე მისთვის კარგად შემუშავებულ და ნაცნობ თემებს. მე დიდ ბოდიშს ვუხდი „მაესტროს“ მაყურებელს, საზოგადოებას, და იმ ოჯახს, რომელიც დღეს არის დაზარალებული და სიმართლის ძიებაშია. მე მზად ვარ, დავისაჯო ჩემი მოქმედებების გამო, გამოძიებასთან ჩვენებების მიცემა გავაგრძელო და თუ გინდათ, ახლავე მოდით, ქალბატონო თინა, ვიმყოფები დის ოჯახში, ჩამქოლეთ და დატკბით. ეს არის ჩემი ბოლო განცხადება“... და მან ეთერი დატოვა.

„მე დღეიდან მკვლელი არ ვარ და ეს დავამტკიცე“, – განაცხადა დონაძემ ფირცხალავას მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ.