რედაქტორისგან
ალექსანდრე ჭაჭია: „ივანიშვილის მოღვაწეობა დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს, იგი ღირსეულად იქცევა“

1-analit-NEW-polit-1საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საქართველო და მსოფლიოს ესაუბრება ალექსანდრე ჭაჭია.

ბატონო ალექსანდრე, როგორ შეაფასებთ 8 თებერვალს თბილისში მომხდარ მოვლენებს?

– როდესაც „ნაცონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდა და დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები, ხალხის ცემა, ქონების წართმევა, ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს ვეუბნებოდი, - არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა ადრე თუ გვიან დამთავრდება, ნუ იზამთ ისე, რომ რუსთაველზე დაცვის გარეშე ვეღარ გაიაროთ. ისინი მპასუხობდნენ, რომ ძალაუფლებას ხელიდან აღარ გაუშვებდნენ, რომ ამერიკა არავის დაანებებს მათთვის თითის დაკარებას. ამის შემდეგ, დაიჯერეს რა საკუთარი დაუსჯელობა, დაიწყეს ქუჩაში ადამიანების დახოცვა, ციხეში წამება, პოლიტიკური ოპონენტების ქვეყნიდან გაძევება. დღეს კი განკითხვის დრო მოვიდა.

სამწუხაროდ, ეს არის უკანასკნელი 20 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფალთა დაავადება. ყველა ხელისუფლება ისე იქცეოდა, თითქოს მას სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა ხელისუფლებაში ყოფნა გარანტირებული. გაიხსენეთ გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას თავდაჯერებული განცხადებები, რომ «მოქალაქეთა კავშირი» ხელისუფლებაში დიდი ხნით, რამდენიმე ათწლეულით მოვიდა. ვიღას ახსოვს დღეს «მოქალაქეთა კავშირი»? მის ყოფილ ფუნქციონერებს რცხვენიათ იმის აღიარება, რომ ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ. აღარ იქნება სააკაშვილი პრეზიდენტი _ აღარ იქნება არანაირი «ნაციონალური მოძრაობაც», კიდევ ერთ-ორ წელიწადში კი ყველას დაავიწყდება, რომ ეს მოძრაობა არსებობდა, მაგრამ სანამ სააკაშვილი და მისი ოდიოზური თანაგუნდელები გამოდიან ტელევიზიით და ცდილობენ ხალხის დამოძღვრას, საზოგადოების გაღიზიანება იზრდება და არ გამოვრიცხავ, რომ ამ დეპუტატებსა და ყოფილ ჩინოვნიკებს ხალხი პირველივე შესაძლებლობისთანავე დაუწყებს ცემას.

ძალიან მეცოდება ის სიმპათიური გოგონა, რომელსაც ცხვირში მოხვდა, მაგრამ ამასთანავე მახსენდება კადრები, რომელზეც აღბეჭდილია ათეულობით გასისხლიანებული ადამიანი, ხელკეტიანი და ავტომატიანი პოლიციელების ფეხქვეშ გაგდებული, ასფალტზე რომ ეყარა. დამეთანხმებით, რომ ძალადობის დონე ამ ორ შემთხვევაში არათანაზომიერია. თანამებრძოლის ცხვირის გამო აღშფოთების გამოსახატავად პირველ რიგში მორალური უფლებაა საჭირო, «ნაციონალურმა მოძრაობამ» კი ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის მანძილზე ეს უფლება ვერ დაიმსახურა. სხვათა შორის, ის, რაც დღეს ხდება, გაკვეთილი უნდა იყოს ახალი ხელისუფლებისთვის. ახალ დეპუტატებსა და ჩინოვნიკებს უნდა ახსოვდეთ, რომ სავარძლებში ისინი სამუდამოდ არავის დაუსვია, და ისე უნდა მოიქცნენ, რომ მომავალში შეეძლოთ ქალაქის ქუჩებში თავისუფლად სიარული და სუფთა სინდისით ადამიანებთან ურთიერთობა.

რამდენად კვალიფიციური იყო, თქვენი აზრით, პოლიციის მოქმედება და მისი მცდელობა თავიდან აეცილებინა ძალადობა?

– მე არა ვარ მასობრივ ღონისძიებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფის სპეციალისტი, პოლიციის პროფესიონალიზმი რომ შევაფასო. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ, ვინაიდან «ნაცმოძრაობის» აქტივისტებს საქართველოში სისტემატურად და საყოველთაოდ ვერ სცემენ, ესე იგი სამართალდამცავები ვითარებას აკონტროლებენ.

თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს «ნაციონალური მოძრაობის», იმ სახელისუფლო გუნდის მთავარი უბედურება, რომელიც 9 წლის მანძილზე მართავდა საქართველოს?

– მთავარი უბედურება არის მათი მორალური და პროფესიონალური მოუმზადებლობა სახელისუფლო ფუნქციების შესასრულებლად. ჩვენმა ხალხმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც 35 წლის პრეზიდენტი აირჩია. ამ ახალგაზრდამ, რომელიც მთელი რიგი კომპლექსებით იტანჯებოდა, მათ შორის მასზე უფროსი, განათლებული ადამიანების მიმართ, შემოიკრიბა ასეთივე დაკომპლექსებული, ინტელექტუალურად და ზნეობრივად ჩამოუყალიბებელი გოგო-ბიჭები და მისცა მათ საშუალება, თავიანთი კომპლექსები ქვეყნისა და ადამიანების მიმართ ენთხიათ. შედეგად ჩვენ გავხდით მოწმენი ხელისუფლების არნახული უმეცრების, გონებრივი შეზღუდულობისა და უზნეობისა. მთელი XX საუკუნის მანძილზე ჩამოყალიბებული ქართველი ხალხის მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი იგნორირებული აღმოჩნდა, ამ პოტენციალის მატარებელი მეცნიერები, ინჟინრები, პედაგოგები კი სოციალური ცხოვრებიდან გააძევეს. საზოგადოებამ დეგრადირება დაიწყო.

თუ გახსოვთ, ხელისუფლების გუნდის ერთ-ერთმა შტერმა წევრმა განაცხადა, რომ მას არათუ 40 წლის ადამიანი, 40 წლის ხეც კი არ სჭირდება, ანუ ქვეყნის ხელმძღვანელობამ უარი თქვა ერის უმრავლესობაზე, გამოაცხადა რა ეს უმრავლესობა თავისი ცოდნით, გამოცდილებითა და მორალით არასაჭირო, ზედმეტ ელემენტად. ეს არის არნახული დანაშაული საკუთარი ხალხის, მისი წარსულისა და მომავლის წინაშე. სხვათა შორის, დღეს ამ დანაშაულის ავტორთა უმრავლესობის ასაკი 40 წელიწადზე მეტია, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ისინი ძალაუფლების დათმობას რატომღაც არ ჩქარობენ.

12-13 წლის წინ, როდესაც ცხადი გახდა, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა იმას, რომ ამერიკელები ემზადებოდნენ შევარდნაძისგან «ახალგაზრდა რეფორმატორებისთვის» ძალაუფლების გადასაცემად, პრესაში გამოვედი ინიციატივით, პრეზიდენტის თანამდებობისთვის მინიმალურ ასაკობრივ ცენზად 50 წელი დაგვეწესებინა. მაშინ მხარი არავინ დამიჭირა. დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრებიც, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებიც, გუბერნატორებიც და, სხვათა შორის, სხვადასხვა დონის მოსამართლეებიც 40-45 წელზე ნაკლებისა არ უნდა იყვნენ. ეს ის ასაკია, როდესაც ნორმალური ადამიანი ინტელექტუალურად, პროფესიონალურად, ზნეობრივად უკვე ჩამოყალიბებულია, შეთვისებული აქვს მორალი, ქცევის ტრადიციული ნორმები, საკუთარი ხალხის სოციოკულტურული თავისებურებანი, არის ეროვნული მსოფლმხედველობის მატარებელი. ასეთი ადამიანი გრძნობს, ესმის საკუთარი ხალხის და, შესაბამისად, შეუძლია უხელმძღვანელოს მას. ეს მიდგომა არანაირად არ აკნინებს ახალგაზრდების უფლებებს. პირიქით, სწორედ ეს არის ზრუნვა ახალგაზრდა კადრების მართებულ აღზრდასა და ზრდაზე. როდესაც 23-25 წლის ადამიანი დეპუტატი ან მინისტრი ხდება, ჩათვალეთ, რომ მისი ცხოვრება დამახინჯებულია: 2-4 წელიწადში ის კარგავს თანამდებობას და ხდება არავინ: პროფესია ვერ შეითვისა, ნულიდან დაწყება უკვე «არ ეკადრება», ხოლო ტრიბუნიდან მოტლიკინის რანგში ის უკვე არავის სჭირდება. მოდით, გადავხედოთ იმ ახალგაზრდა კადრებს, რომლებმაც შევარდნაძე და სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანეს და დღეისთვის პოლიტიკურ არენაზე არ ჩანან. ვინ არიან ისინი დღეს? ზედმეტი ბარგი, პერსპექტივის გარეშე განზე მოსროლილები. კიდევ კარგი, არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრირება და ამერიკის საელჩოსთან გრანტის მიღების იმედით გრძელ რიგში დგომა მაინც ისწავლეს.

თქვენი აზრით, რამდენად კომპეტენტურია საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, რამდენად მაღალია ახალი მინისტრების პროფესიონალიზმის დონე?

– ხელისუფლებაში სხვადასხვაგვარი ადამიანები არიან. მე მათ პირადად არ ვიცნობ, შესაბამისად, შეფასებაც მხოლოდ მათი საჯარო გამოსვლების მიხედვით შემიძლია. დადებითი შთაბეჭდილება მოახდინეს ფინანსთა, იუსტიციის, კულტურის, ჯანდაცვის მინისტრებმა, მთავარმა პროკურორმა... მთავრობის მუშაობის შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ქვეყანა ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ მოკლე დროში ვერაფერს გააკეთებ. საქართველო დღეს არის დაშლილი, არშემდგარი სახელმწიფო დანგრეული მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, სამეცნიერო-ტექნიკური ბაზით და დეგრადირებული კულტურულ-საგანმანათლებლო სისტემით. საჭიროა სახელმწიფოებრივი განვითარების მკაფიო კონცეფცია, ეროვნული ეკონომიკის ეფექტური მოდელი და დარგების განვითარების კონკრეტული, მიზნობრივი პროგრამები. რაც მთავარია, მთავრობის წევრებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი საქართველოს მხოლოდ ნაწილის მთავრობას წარმოადგენენ...

საინტერესოა თქვენი აზრი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ახალი ხელისუფლების ძალისხმევათა შესახებ. შეიძლება თუ არა ახალი ხელისუფლების ნაბიჯები ამ მიმართულებით შევაფასოთ წინა წლებთან შედარებით უფრო ეფექტურ ნაბიჯებად?

– არანაირი ეფექტი არ გვაქვს და ჯერჯერობით მოსალოდნელიც არ არის. კარგია ის, რომ შეიცვალა რიტორიკა, ნაკლებია რუსეთის, აფხაზი და ოსი ხელმძღვანელების მიმართ შეურაცხმყოფელი გამოხდომები. ის მაინც იგრძნობა, რომ ახალი ხელისუფლება დაინტერესებულია პოზიტიური ცვლილებებით. ყოფილი ხელისუფლება ამით დაინტერესებული არ ყოფილა. თუ გაიხსენებთ, კერძოდ, ვინ იყო შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს ამ საკითხებით დაკავებული, ცხადი გახდება, რომ ქვეყნის ხელისუფლება შედეგით დაინტერესებული არ იყო. ჩვენთან ტერიტორიული მთლიანობის პრობლემით დაკავებული იყვნენ უღიმღამო, უსუსური ადამიანები, რომელთაც არავინ იცნობდა არც სოხუმში, არც ცხინვალში და არც მოსკოვში. არც ერთ თავმოყვარე სახელმწიფო მოღვაწეს აზრადაც კი არ მოუვიდოდა მათთან სერიოზული მოლაპარაკების გამართვა. ისე, ამ მხრივ ვითარება დიდად არ შეცვლილა. ჩვენი პოტენციური პარტნიორებისთვის დღესაც უცნობია, თუ ვინ არის დაკავებული საქართველოში ამ საკითხებით. ასახელებენ რეინტეგრაციის საქმეებში მინისტრის გვარს, მაგრამ განა ვინ დაელაპარაკება ასეთი დასახელების მქონე უწყების ხელმძღვანელს? და საერთოდ, ის ადამიანები მოსკოვსა და სოხუმში, რომლებზეც რეალურად არის საქმე დამოკიდებული, მინისტრს არ დაელაპარაკებიან.

პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ მას დალაგებული აქვს კონტაქტები აფხაზ წარმომადგენლებთან, რომლებთანაც ხორციელდება არაოფიციალური მუშაობა ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების შესამუშავებლად.

– აფხაზეთში სულ რამდენიმე ადამიანია, რომელთაც შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება ან მათ მიღებაზე ზეგავლენის მოხდენა. არც ერთ მათგანს დღესდღეობით ქართულ მხარესთან არანაირი კონტაქტი არ აქვს. ეს სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზაქარეიშვილი დიდი მონდომებით აკეთებს თავის საქმეს. ის ჩვენს კონფლიქტებში კარგ პროფესიონალად ითვლება...

სავსებით შესაძლებელია. მე მას არ ვიცნობ, მაგრამ ღმერთმა ხელი მოუმართოს თავის საქმიანობაში წარმატების მისაღწევად. რაც შეეხება პროფესიონალიზმს, პროფესიონალი არ შესთავაზებდა აფხაზურ მხარეს რკინიგზის გახსნას ისე, რომ გარანტირებული უარი მიეღო. პროფესიონალი ჯერ ჩართავდა აფხაზ ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებაში სომხეთის წარმომადგენლებს, მერე სომხებთან ერთად პროცესში რუსეთის ჩართვას უზრუნველყოფდა და მხოლოდ ამის შემდეგ, მიიღებდა რა დადებით ინფორმაციას, წამოაყენებდა შესაბამის წინადადებას. აუცილებელია საკუთარი ქვეყნის რეპუტაციაზე ზრუნვა, რომელიც კნინდება ასეთ წინადადებებზე ცივი უარის მიღებით.

ახლახან მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ არ კარგავს საქართველოს ევროკავშირში შესვლის იმედს. 9 წელიწადი ის ამბობდა, რომ დარწმუნებულია მალე ამ კავშირში შესვლაში, ახლა კი მხოლოდ «იმედს არ კარგავს». გახდა თუ არა ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა უფრო ეფემერული?

– ეს პერსპექტივა ეფემერული არ არის, იგი, უბრალოდ, არ არსებობს. ჯერ ერთი, ევროკავშირმა დაასრულა გაფართოების პროცესი და ახალ წევრებს აღარ მიიღებს; მეორე _ წამყვანი ევროპული ქვეყნები არ მიიჩნევენ საქართველოს ევროპის ნაწილად; მესამე _ ევროკავშირი რომც ფართოვდებოდეს, მასში სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს გაწევრიანება მხოლოდ თურქეთის გაწევრიანების შემდეგ იქნება შესაძლებელი. თურქეთი, მოგეხსენებათ, უკვე წლებია, დაჟინებით ითხოვს ევროკავშირში მიღებას და რამდენიც უნდა მოითხოვოს, მას იქ არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ; და მეოთხე _ ევროკავშირი თავად არის დაშლის ზღვარზე და უახლოესი 5-7 წლის მანძილზე ჩვენ მისი დაშლის უშუალო მოწმეები გავხდებით.

ძალიან სასაცილოა, როდესაც ყველა ოფიციალურ ღონისძიებაზე, შენობების ფასადებზე, ჩინოვნიკების კაბინეტებში გვერდიგვერდ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს ვხედავთ. ევროპელები გაკვირვებული და ირონიული მზერით უყურებენ ამას და დაგვცინიან. ასეთი პროვინციალიზმი, ჩემი აზრით, დამამცირებელია ჩვენი ხალხისთვის.

ახალი ხელისუფლება ასევე დეკლარირებს ნატოსა და ევროკავშირში შესვლის იდეის ერთგულებას.

– დეკლარირება შეიძლება, მთავარია, ცრუ მიზნებს არ დავუქვემდებაროთ რეალური სახელმწიფოებრივი საქმიანობა. შევარდნაძემ და სააკაშვილმა ჩვენს საზოგადოებას თავს მოახვიეს ცრუ მიზნები _ ნატო და ევროკავშირი. ხალხმა არაფერი იცოდა არც ერთის და არც მეორის შესახებ, მაგრამ პროპაგანდის ზეგავლენით ეს ცრუ მიზნები ყველა უბედურების პანაცეად, სამოთხისკენ მიმავალ გზად აღიქვა. ნებისმიერ ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს ხელისუფლება სწორედ ამ ცრუ მიზნების _ ნატოსა და ევროკავშირისკენ ხელის გაშვერით ამართლებდა _ აქაოდა ნატოსა და ევროკავშირში შესასვლელად არისო საჭირო. გადადგომის შემდეგ არაერთ ინტერვიუში შევარდნაძემ აღიარა, რომ ეს მიუღწეველი მიზნებია, ანუ ის 10 წლის მანძილზე ატყუებდა ხალხს. სააკაშვილიც რამდენიმე წელიწადში აღიარებს ამას, თუმცა იქვე დაამატებს, რომ მას შეეძლო შეუძლებელი, მაგრამ არ მისცეს საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება. ორივე რეჟიმი, შევარდნაძისა და სააკაშვილის, იყო მარიონეტული, მათ სჭირდებოდათ, როგორმე აეხსნათ ხალხისთვის, თუ რატომ იქცეოდნენ არა საკუთარი სახელმწიფოს, არამედ გარე ძალების ინტერესების შესაბამისად. ახსნა კი იყო შემდეგი: ასეა საჭირო ნატოში შესასვლელად. ჩვენი მმართველების ზურგსუკან ნატოს რომ არ ეციმციმა, განა ქართველი ხალხი დაანებებდა მათ ომის დაწყებას აფხაზეთსა და ცხინვალში, რუსეთთან თვითმკვლელობის ტოლფას კონფრონტაციაზე წასვლას? ან ავღანეთში უცხო ინტერესებისთვის სასაკლაოზე საკუთარი შვილების გაგზავნას? განა დაანებებდა ვინმე ხელისუფლებას ახალგაზრდობის გარყვნას, ეკლესიის დამცირებას, უცხოელებზე მიწის გაყიდვას? განა ქართველი ხალხი შეეგუებოდა იმას, რომ საქართველოს უმაღლესი ხელისუფალი, აგერ უკვე 20 წელია, არის აშშ-ის ელჩი? ამ ყველაფერს სჭირდებოდა გამართლება და ისიც მოიძებნა ნატოსა და ევროკავშირის სახით. ქვეყნის მმართველებმა კარგად იცოდნენ, რომ ატყუებენ ხალხს, მაგრამ, როგორც მარიონეტებს, საზოგადოებისთვის სხვა არაფრის შეთავაზება არ შეეძლოთ, მათთვის ნებადართული იყო მხოლოდ იმ პოლიტიკის გატარება, რომელსაც კარნახობდნენ და რომლისთვისაც ისინი ხელისუფლებაში დასვეს.

ივანიშვილი თვისობრივად განსხვავებულ მდგომარეობაშია. ის ხელისუფლებაში მოიყვანა რეჟიმისადმი ხალხის შეუწყნარებლობის ტალღამ, უფრო მეტიც, ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა ქართველი ხალხის მიერ რეჟიმის პოლიტიკის კატეგორიული უარყოფის წყალობით. როგორც რეალურმა პოლიტიკოსმა (არადა, ივანიშვილი კარგი პოლიტიკოსი აღმოჩნდა), მან თავი შეიკავა პირდაპირი შეფასებებისგან, მაგრამ, როგორც პრაგმატიკოსს, მშვენივრად ესმის, რომ ცრუ მიზნები ხალხის დეზორიენტირებას ახდენს, შეუძლებელს ხდის საზოგადოების კონსოლიდაციას, ქვეყნის კატასტროფიდან გამოსაყვანად ძალისხმევის კონცენტრირებას. მიაქციეთ ყურადღება _ ივანიშვილი არსად არ იჩემებს, რომ საქართველოს მიიღებენ ევროკავშირსა და ნატოში, არ ასახელებს კონკრეტულ თარიღებს, როგორც ამას პერიოდულად აკეთებდნენ შევარდნაძე და სააკაშვილი. ის საუბრობს იმაზე, რომ საქართველომ ბევრი უნდა იმუშაოს ევროკავშირის სტანდარტებთან მისაახლოებლად, და ეს სწორია. ევროპულ პრაქტიკაში ბევრი რამაა ისეთი, რაც ჩვენ უნდა ავითვისოთ, მაგრამ არა ჩვენს სინამდვილეში ხელოვნური გადმოტანით, ბრმა კოპირებით, არამედ შერწყმის, ცხოვრების მოწყობის ტრადიციულ ქართულ მოდელთან ურთიერთშეღწევის გზით. არის ევროპაში ბევრი რამ ისეთიც, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მგონია, რომ ივანიშვილი არ დაუქვემდებარებს თავის მოღვაწეობას ცრუ მიზნებს, როგორც ამას მისი წინამორბედები აკეთებდნენ, და ამ ცრუ მიზნებს არ შესწირავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

როგორც ჩანს, კმაყოფილი ხართ ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობით...

დიახ, ივანიშვილის მოღვაწეობა დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს, იგი ღირსეულად იქცევა. სხვათა შორის, ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობისას საერთო ნაცნობების მეშვეობით ვცდილობდი, ბიძინა ივანიშვილი ჩართულიყო პოლიტიკურ მოღვაწეობაში, რათა შევარდნაძის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი დაეკავებინა. საჭირო იყო იმ კატასტროფის თავიდან აცილება, რომლისკენაც ახალგაზრდა დამანგრეველებისთვის ხელისუფლების გადაცემით შევარდნაძე ქვეყანას მიაქანებდა, და ივანიშვილს შეეძლო ამის გაკეთება. მაშინ მიპასუხეს, რომ ესაუბრნენ მას, მაგრამ ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვაზე კატეგორიული უარი განაცხადა, მაგრამ ნათქვამია – ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს...

ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც აქტიურად განიხილება საზოგადოებაში, არის საკითხი _ როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის არჩევნები. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

– თუ უკვე დამტკიცებულია მმართველობის საპარლამენტო მოდელი, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. ერთდროულად ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრემიერი და ძლიერი პრეზიდენტი _ ეს ფსევდოდემოკრატიული დემაგოგიაა. რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება, მითუმეტეს გაკოტრებულ ქვეყნებში, რომლებიც ჯერ ფეხზე უნდა წამოდგნენ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ნომინალური ფიგურა უნდა იყოს, ანუ მხოლოდ მოაწყოს მიღებები დღესასწაულებზე, ჩაიბაროს რწმუნების სიგელები ელჩებისგან, ატაროს ჰალსტუხი და გაიბღინძოს. საქართველოს არ აქვს მაღალი თანამდებობის უსაქმურების შენახვის ფუფუნება. პრეზიდენტის ფუნქციები (მხედველობაში მაქვს არა ფორმალური, კონსტიტუციური, არამედ რეალური) ქვეყნის იმ სასიცოცხლო პრობლემებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, რომელთა გადასაჭრელად პარლამენტისა და მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის.

მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ მხარესთან, რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობა. საქმე ისაა, რომ დასავლეთის ვექტორზე ჩვენთან ბევრი ოფიციალური პირი და სტრუქტურა მუშაობს _ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო კომიტეტები, საგარეო საქმეთა სამინისტრო და რიგი სხვა უწყებებისა, ხოლო იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც ჩამოვთვალე, სერიოზულად არავინ მუშაობს. რეინტეგრაციის საქმეთა მინისტრთან აფხაზეთის, ოსეთისა და მით უმეტეს რუსეთის ხელმძღვანელობა საგნობრივად არაფერს განიხილავს. რუსეთთან ურთიერთობებში სპეციალური წარმომადგენელის სამ თვეში ერთხელ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შედეგი კი იქნება ერთობლივი ვახშამი და პირობა, რომ სამი თვის შემდეგ კიდევ ერთხელ შეხვდებიან. დრო კი მიდის და უნდა ვაღიაროთ, რომ _ არა საქართველოს სასარგებლოდ.

საჭიროა გარღვევა, ამ სამუშაოს ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანა. საჭიროა მაღალი სახელმწიფოებრივი სტატუსის მქონე პირი, რომელიც გავა პირდაპირ მოლაპარაკებაზე უმაღლესი ხელმძღვანელობის რგოლებთან და დაძრავს საქმეს მკვდარი წერტილიდან. პრემიერ-მინისტრი ამით ვერ დაკავდება _ მას აქვს უდიდესი მოცულობის შიდა პრობლემები, დიდ დროს ართმევს ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან, რომელთა ზეწოლასაც წარმატებით უმკლავდება; ამასთანავე, პრემიერი უმაღლესი სახელმწიფო პირია და ის მოლაპარაკებათა პროცესში შეთანხმების მიღწევის სტადიაზე უნდა ჩაერთოს, ანუ მას მუდმივად უნდა ჰქონდეს მანევრის საშუალება.

პარლამენტის თავმჯდომარე, ჩემი აზრით, კარგად ართმევს თავს თავის მოვალეობებს, მაგრამ ზემოხსენებული საქმიანობისთვის არ გამოდგება _ მას აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი «მედასავლეთის» იმიჯი და, რა თქმა უნდა, უდავოდ გააჩნია სერიოზული ვალდებულებები დასავლელ პარტნიორებთან, ამიტომ არც რუსები, არც აფხაზები მასთან გულწრფელად არ ისაუბრებენ. ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის საჭიროა მესამე პირი ქვეყნის უმაღლესი სახელისუფლო ეშელონიდან _ ანუ პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ სტატუსს, არამედ პიროვნულ საკითხსაც. ახალი პრეზიდენტი არაფრით არ უნდა იყოს დაკავშირებული წინა რეჟიმებთან, რომლებიც ჩვენი პარტნიორების აღქმაში  ომთან და სისხლთან ასოცირდებიან. სასურველია, რომ იგი მათთვის პოზიტიურად ცნობილი იყოს, თუმცა, შესაძლოა, ის იყოს აბსოლუტურად ახალი სახე. მთავარია, იგი აცნობიერებდეს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას _ 1-2 წელიწადში ვითარების კარდინალურად შეცვლას.

სხვათა შორის პრეზიდენტის ფუნქციის ასეთი განმარტება მოხსნის კონკურენციის, ამ თანამდებობისთვის ბრძოლისა და ამ ბრძოლის თანმდევი ინტრიგების პრობლემას. არა მგონია, ბევრი პრეტენდენტი მოიძებნოს, რომელთაც ამ ჩიხში მოქცეული საკითხებით დაკავების სურვილი ექნებათ. ამ საკითხებს მხოლოდ ლამაზი და ფუყე დაპირებებით ვერ მოაგვარებ, ახალი პრეზიდენტის ფხა და შესაძლებლობა პირველივე თვეებში გამოჩნდება. ამიტომ ამ პოსტის დაკავებას მხოლოდ ის ადამიანი დათანხმდება, რომელიც დარწმუნებულია წარმატებაში და ფლობს აუცილებელ პოტენციალს _ კავშირებს, პირად ავტორიტეტს, სერიოზული წინადადებების პაკეტს. ასეთი ადამიანები კი ბევრნი არ არიან.

– წლებია, ხართ სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» თავმჯდომარე. ბოლო დროს საზოგადოებაში გავრცელდა ხმები, რომ სააკაშვილი სამეგრელოში გადაბარგებას და ამ რეგიონის ახალი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურ ბასტიონად გადაქცევას აპირებს. რამდენად რეალურია ასეთი სცენარი?

– ამ ხმებს «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლები ავრცელებენ ახალი ხელისუფლების დაშანტაჟების მიზნით. სააკაშვილისა და მისი ჩინოვნიკების დასაცავ არანაირ ბასტიონად სამეგრელო არ გადაიქცევა. არ არის საჭირო, ისე წარმოვაჩინოთ საქმე, თითქოს სამეგრელოში ველური პროვინციელები ცხოვრობენ, რომლებიც მზად არიან, დაიცვან ის ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანას დაშლა, სიღარიბე და დეგრადაცია მოუტანა. სამეგრელოში გონიერი, განათლებული, განსაკუთრებით მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნების მქონე ხალხი ცხოვრობს. არც გამსახურდიასა და სააკაშვილს შორის პარალელების გავლებაა საჭირო, ეს მკრეხელობაა. ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ სააკაშვილის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ზვიადის თანამოაზრედ მიიჩნევენ. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ამ ადამიანებს არაფერი გაეგებათ და წარმოდგენაც არ აქვთ, თუ რა უნდოდა ზვიად გამსახურდიას საქართველოსთვის. იყოს ზვიად გამსახურდიას მომხრე და ამავე დროს «ნაციონალური მოძრაობის» წევრი, შეუძლია ან უპრინციპო აფერისტს, ან აბსოლუტურ უვიცს, რომელსაც არასოდეს წაუკითხავს და არასოდეს ესმოდა ზვიად გამსახურდიასი. ყველაფერი, რასაც წარმავალი ხელისუფლება აკეთებდა, სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რისკენაც მიისწრაფვოდა ზვიად გამსახურდია.

სამეგრელოს მოსახლეობას არანაირი ანტისახელისუფლო განწყობა არ აქვს. იქ არის ცენტრალური ხელისუფლებისადმი ზოგადი უნდობლობა, რადგანაც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, წინასაარჩევნო დაპირებების გარდა, სამეგრელოს არაფერი მიუღია. რეგიონი უკიდურესად არის გაჩანაგებული, შრომისუნარიანი მოსახლეობის მესამედი ემიგრაციაშია. სასწრაფოდ საჭიროა სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ზომების მიღება, რათა ეს, ქვეყნისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი კუთხე გამოცოცხლდეს.

ესაუბრა ირაკლი თოდუა