სამართალი
საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ხელისუფლების გაკრიტიკების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი კომენტარს აღარ აკეთებს.
„ხელისუფლების დღევანდელი საქციელი დოყლაპიობაა“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. „ხალხის პარტიის“ ხელმძღვანელი მართლმსაჯულების სისტემას, აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარესა და თინა ხიდაშელს აკრიტიკებს, რომლებმაც ტელედებატების დროს ესერგო რატიანთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დავითაშვილის საქციელი უარყოფითად შეაფასეს. „ხიდაშელისა და უსუფაშვილის ნათქვამიდან ყველაზე მეტად ის მეწყინა, რომ მე და რატიანი გაგვათანაბრეს, – აცხადებს დავითაშვილი და დასძენს, – მე ვერ ვგრძნობ თანაგუნდელების მხარდაჭერას. როდესაც უსუფაშვილი ამბობს, რომ ხმას არ მომცემს, ალბათ, ლოგიკურია, რომ გავარკვიო, უნდა თუ არა მას ჩემთან ერთად პოლიტიკურ ერთობაში ყოფნა. ამ საკითხს უმრავლესობის სხდომაზე გავარკვევ“.მისი განმარტებით, ძალიან „ბუქსაობს“მართლმსაჯულების მანქანა, რის გამოც ისიც უკმაყოფილოა და საზოგადოებაც: „რატომ ფერხდება 7 ნოემბრის, 26 მაისის და სხვა დანაშაულების გამოძიება? ბატონ ბიძინას ჩემთვის არ სცალია. საჯაროდ უნდა შევეხმიანო: ბატონო ბიძინა, ხალხს სურს და სამართლიანობაც მოითხოვს მართლმსაჯულების აღსრულებას“.
როგორც ჟურნალისტებს დავითაშვილმა განუცხადა, ის შეფასებას დღეს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ, გააკეთებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, დავითაშვილის კოალიციიდან გასვლის საკითხი არც კი დასმულა.
ეკა ბესელიას განმარტებით, „ყველანი შევთანხმდით, რომ კობას სჭირდება მეტი სოლიდარობა და ჩვენგან მხარდაჭერა. მან არ უნდა იგრძნოს, რომ ის გუნდის წევრი არ არის. კობა მსხვერპლი იყო 7 ნოემბერსაც და იმ დღესაც სტუდიაში მის მიმართ განხორციელდა ძალადობა“.