საზოგადოება
საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 25 ოქტომბრიდან დღემდე სამსახურიდან დათხოვნილი 435 სამხედრო და სამოქალაქო პირი უკვე აღდგენილია, 500-მდე კაცი კი დანიშვნის პროცედურებს გადის.
თავდაცვის უწყებას სამსახურში აღდგენისა და დასაქმების თხოვნით 2322 ადამიანმა მიმართა. მიღებულ განცხადებებს გაერთიანებულ შტაბში სპეციალური სამუშაო ჯგუფი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც თავდაცვის უწყების სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები შედიან. „სამუშაო ჯგუფი შემოსულ განცხადებებს წოდების, დათხოვნის საფუძვლის და ქვედანაყოფების მიხედვით ახარისხებს და მათ დამატებით შესასწავლად სტრუქტურულ ქვედანაყოფებს უგზავნის. თუ განმცხადებლის წოდება და კვალიფიკაცია შეესაბამება სტრუქტურულ ქვედანაყოფში არსებულ ვაკანსიას, ის გადის სამედიცინო შემოწმებას და სტრუქტურული ქვედანაყოფის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე, ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე. 22 თებერვლიდან სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეწყვეტს აღდგენებსა და დასაქმებასთან დაკავშირებული განცხადებების მიღებას. ასეთ განცხადებებს მომავალში თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო კომისია განიხილავს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.