პოლიტიკა
თეა წულუკიანი აშშ-სა და ბელგიაში მიემგზავრება

1-Tea-polittii3საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ისუტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს, საღამოს, ოფიციალური ვიზიტით აშშ-სა და ბელგიაში მიემგზავრება. ამის შესახებ მინისტრმა დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი რამ უკეთესად ასახსნელი, რომ ჩვენ, სახალხო ხელისუფლება, ვცდილობთ, ეს ქვეყანა წავიყვანოთ წინ, მიუხედავად იმ საბოტაჟისა, რომელსაც ახორციელებენ ძველი ხელისუფლების შემორჩენილი პირები“, – აღნიშნა მინისტრმა.

ვიზიტის განმავლობაში თეა წულუკიანი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამერიკელ სენატორთა აპარატის წარმომადგენლებთან, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში, დემოკრატიის განვითარების ეროვნულ ფონდში, ატლანტიკურ საბჭოში, ევრაზიის ფონდში. იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვა კოლუმბიის უნივერსიტეტში.

ბრიუსელში თეა წულუკიანი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერბშოუსა და კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაის შეხვდება.

„ერთადერთი მიზანი აქვს ამ ვიზიტს, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ უკვე კონკრეტული მაგალითების ახსნით, თუ რა იყო 1 ოქტომბრამდე და რა ნაბიჯებს ვდგამთ 1 ოქტომბრის შემდეგ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს იმაში, რომ ამ ხელისუფლებას ქვეყანა მიჰყავს წინ და მიჰყავს დასავლეთის, ევროკავშირის და ნატოსკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ბრიფინგზე წულუკიანმა.