აქტუალური
საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ „შერატონ მეტეხი პალასში“ მთავრობის 100-დღიანი მუშაობის ანგარიშის – „100 დღე ხელისუფლებაში – კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“ – პრეზენტაცია გაიმართა.
სამოქალაქო სექტორის მხრიდან ახალი ხელისუფლების ასდღიანი მმართველობის კრიტიკული შეფასებების მოსმენის ფონზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი ვაშაძეს შორის შელაპარაკება მოხდა. მწვავე რეპლიკები თეა წულუკიანმა და გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ გაცვალეს, რაც წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებისთვის „უკანონო დავალებების“ მიცემაში დაადანაშაულა.„შეწყვიტეთ უკანონო დავალებების მიცემა იუსტიციის სამინისტროს კომპეტენტური კადრებისათვის, რადგან ამ კადრებზე დღეს მე ვაგებ პასუხს, რაც წინა ხელისუფლებას არ გაუკეთებია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„საქართველოში ყველამ იცის, რომ პასპორტის აღება შეიძლება 15 წუთში. და მე, გიორგი ვაშაძეს, პასპორტის აღება არ შემიძლია თურმე საქართველოში... შუამდგომლობა გავწიე პარლამენტიდან. დიახ, დავრეკე და ვთხოვე... უნამუსოდ ნუ იქცევით“, – განაცხადა ვაშაძემ. თეა წულუკიანმა კი რეპლიკას რეპლიკით უპასუხა: „ეს იყო უკანონო პასპორტი, იმიტომაც ჩამოგართვით“.