პოლიტიკა
უმცირესობა „საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის“ კანონპროექტს უკან გაიწვევს

1-baram-pollitika3საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობა მის მიერ ინიცირებული „საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის“ კანონპროექტის უკან გაწვევას აპირებს. უმცირესობის წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძის განცხადებით, კანონპროექტის მომზადების მიზეზი ის იყო, რომ საპარლამენტო უმცირესობას საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებისთვის დეპუტატების საკმარისი რაოდენობა პარლამენტში არ ჰყავდა.

მისივე განმარტებით, „ნაციონალების“ სურვილია, საქართველოს კურსი ნატოსა და ევროკავშირის მიმართ უცვლელი დარჩეს, ისევე, როგორც ქვეყნის პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებული პრინციპები კონსტიტუციაში დაფიქსირდება.

„ახლა მიმდინარეობს ამ პრინციპების კონსტიტუციაში დაფიქსირების პროცესი, ამიტომ მე დღეს უკან გამოვიწვევ კანონპროექტს, რათა კონსტიტუციური განხილვის პროცესს ხელი არ შეეშალოს“, – აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა დღეს პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარეობს.