ირანის პრეზიდენტის აჰმადინეჯადის ვიზიტი ლიბანში თავისთავად მიანიშნებს ახლო აღმოსავლეთში ირანის მნიშვნელობის გაზრდაზე. ლიბანი–ისრაელის პოლიტიკისა და სამხედრო ძალის მრავალჯერადი დემონსტრირების არენა, ალბათ ასეთად დარჩება თუ რეგიონის სახელმწიფოები თავიანთ კატეგორიულ მხარდაჭერას არ გამოხატავენ ამ ქვეყნის ხელისუფალთა მიმართ, არ დაგმობენ ისრაელის აგრესიულ პოლიტიკას და არ დაანახებენ ისრაელის მოკავშირე აშშ–ს, რომ მისი ორმაგი პოლიტიკა დამღუპველია არა მარტო რეგიონისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.
არაბულ სახელმწიფოთა შორის არსებული აზრთა სხვაობა, არცთუ იშვიათი დაპირისპირება, ბევრი მათგანის ამერიკული მარიონეტობა, სრულ შესაძლებლობას აძლევს აშშ–ს ახლო აღმოსავლეთში გააფართოვოს საკუთარი გავლენა, მუდმივი დაძაბულობის ცენტრად აქციოს რეგიონი. ერთადერთი სახელმწიფო, ვინც თანმიმდევრულად ცდილობს დაიცვას პალესტინელ არაბთა ინტერესი, ირანის ისლამური რესპუბლიკაა.
ოფიციალური თეირანის პირდაპირობამ, თელ–ავივისა და ვაშინგტონის მიმართ სათქმელის თქმამ, კარგა ხანია ეს ქვეყანა ამერიკულ შავ სიაში მოაქცია, თუმცა ამას, ირანის ხელისუფალთა შორის, მსოფლიო ჰეგემონის წინაშე, არც შიში გამოუწვევია და არც მუხლებზე დაცემა. ფაქტი სახეზეა – აჰმადინეჟადის ლიბანში ვიზიტი და მისი გამაფრთხილებელი განცხადება ლიბან–ისრაელის საზღვართან. მარტო ეს წინადადება რად ღირს – ამ საზღვარზე ირანი დგას. აჰმადინეჟადის ტრიუმფალური ვიზიტი არა მარტო პოლიტიკური ორგანიზაცია „ჰესბოლასთან“ თანამშრომლობით არის განპირობებული, არამედ მთელი ლიბანელი ხალხის პოზიტიური დამოკიდებულებით ირანისა და მისი ხელისუფლების მიმართ. არადა ლიბანი არაბულ სახელმწიფოთა შორის ყველაზე დასავლურია.
ვიზიტის შემდეგ ლიბანს, ირანის სატელიტად მოიაზრებენ, ისევე, როგორც სირიას, რომელთანაც ირანს მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა აქვს. თვალსაჩინოა ირან–ერაყის ურთიერთკავშირები. ამერიკელ ექსპერტთა მიხედვით, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ერაყის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შემდეგ შეინიშნებოდა, ოფიციალური თეირანის აქტიურობის შედეგად გადაიჭრა. მან მხარი ნური ალ მალიქის დაუჭირა, რომელმაც მრავალთვიანი ჭიდილის შემდეგ კვლავ დაიკავა პრემიერ–მინისტრის თანამდებობა. შიიტური ერაყი, რომელიც სადამ ჰუსეინის დროს შიიტური ირანის მოწინააღმდეგ ითვლებოდა, ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობით იცვლება, რაც ნაკლებად ახარებს, როგორც აშშ–ს, ისე ისრაელს.
ირანსა და პალესტინის ორგანიზაცია ჰამასს შორის კავშირები კარგად არის ცნობილი. ირანი ყოველმხრივ უჭერს მხარს ამ ორგანიზაციას და მის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის.
ირანის გავლენის გაფართოება აშფოთებს აშშ–ს ადმინისტრაციას. მისი მეცადინეობით ფართოვდება ანტიირანული პროპაგანდა და განწყობა სხვა არაბულ ქვეყნებში. თავისთავად არც ერთ არაბულ სახელმწიფოს არ აქვს სურვილი გულხელდაკრეფით უცქიროს რეგიონში ირანის მომძლავრებას. თავის დასამშვიდებლად და პოზიციების განსამტკიცებლად ისინი სუპერ თანამედროვე იარაღს ყიდულობენ აშშ–დან. ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა აშშ–ი რეგიონში ირანის აღმავალი გავლენის შეჩერებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკულმა „ვიკი ლიკსმა“ გამოაქვეყნა ერაყში აშშ–ს აგრესიის ამსახველი საიდუმლო მასალები?
ბუნებრივია, ამერიკელთა მიერ ჩადენილი დანაშაული, ათეულ ათასობით ერაყელის ხოცვა–წამება უარყოფილად მოქმედებს ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ისინი საკუთარ გადარჩენასა და მუსლიმანთა ინტერესების დაცვაში ობიექტურ მოსარჩლედ და დამცველად ირანს მიიჩნევენ.
ვაშინგტონს აფიქრებს სხვა საკითხიც – რეგიონის ორი დიდი სახელმწიფოს ირანისა და თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობა. თურქეთს, ირანთან მიმართებაში, ვაშინგტონისგან განსხვავებული პოზიცია უკავია, რაც გამოჩნდა კიდევაც ირანის ბირთვული კვლევის საკითხთან დაკავშირებულ მიდგომაში. ოფიციალური ანკარა თვლის, რომ ირანს აქვს უფლება აწარმოოს ბირთვული კვლევები და რომ ირანი არ გამოდის კვლევის ჩარჩოებიდან. ცნობილია თურქეთის ახალი პოზიცია, ერთ დროს მასთან საქმიანი კავშირების მქონე, ისრაელის მიმართ. ანკარა – თელ–ავივს შორის ურთიერთდამოკიდებულება მკვეთრად დაძაბა პალესტინის ტერიტორია ღაზაში თურქული გემით ჰუმანიტარული ტვირთების ჩატანის მცდელობამ. ჰუმანიტარული მისიის წინააღმდეგ ისრაელელ სამხედროთა სისასტიკემ არა მარტო თურქეთში, არამედ მთელს მსოფლიოში უდიდესი აღშფოთება გამოიწვია.
ირან–თურქეთის ურთიერთობა საგონებელში აგდებს ამერიკას, ისე, როგორც ირანის პოლიტიკის გააქტიურება. რას მოიმოქმედებს ის? შეძლებს თეირანის შეჩერებას? რომ არა ერაყ–აღვანეთის პრობლემები და რომ არა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, აშშ–ს მესამე ომი ექნებოდა გახურებული, ცხადია ირანთან, თუმცა ვინ იცის რა იქნება მომავალში. იმ ანტიირანული პროპაგანდიდან გამომდინარე, რასაც ბოლო დროს ადგილი აქვს ამერიკულ და ისრაელის პრესაში, ყველაფერია მოსალოდნელი – ირანის ბირთვული კვლევის ობიექტებზე თავდასხმაც და ლიბანში ახალი ომის დაწყებაც. საომარი ისტერიის მიხედვით, რასაც ადგილი აქვს ისრაელის პრესაში, თვალშისაცემია ლიბანის წინააღმდეგ ახალი ომის წამოწყების სურვილი. მისი მიხედვით, ამჯერად, უფრო მეტ სიმკაცრეს ექნება ადგილი ისრაელის მხრიდან, ვიდრე ამას ჰქონდა ადგილი ბოლო ომის დროს. მაშინ ისრაელმა თავი შეიკავა ბეირუთის ცენტრის დაბომბვისაგან, ის მხოლოდ გარეუბნებს ბომბავდა. ახალი ომის შემთხვევაში, ისრაელი შუაგულ ბეირუთს დაბომბავს, რათა გამოიწვიოს ლიბანელთა აღშფოთება პოლიტიკური ორგანიზაცია ჰესბოლას მიმართ. თელ–ავივის მიზანია ლიბანელთა ერთმანეთთან დატაკება. თელ–ავივი მზადაა საჰაერო იერიში მიიტანოს ირანის ბირთვულ ობიექტებზე, მაგრამ ჯერ–ჯერობით ვაშინგტონის მიერ ანთებული წითელი შუქნიშანი მას ამის შესაძლებლობას არ აძლევს.
სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით მძლავრი სახელმწიფო ირანი სადამ ჰუსეინისდროინდელი ერაყი არ არის. მასზე თავდასხმამ უმძიმესი შედეგები შეიძლება მოიტანოს. ამდენად ერთადერთი გზა ირანთან დამოკიდებულებისა იყო და არის დიალოგი. მხოლოდ დიალოგით შეიძლება მიღწეულ იქნას ის კომპრომისი, რაც ესოდენ აუცილებელია ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიო მშვიდობისათვის.
ვირტუალურად წარმოვიდგინოთ, რომ ირანს აქვს ბირთბული იარაღი, თუმცა ამ იარაღს, როგორც ადამიანთა მასობრივი განადგურების საშუალებას, ირანის რელიგია გმობს, მაშინ ხომ სულ სხვაგვარი დამოკიდებულება იქნებოდა ირანის მიმართ? ბირთვული იარაღი თავისთავად ქმნის მორიდების ფაქტორს. მათ, ვისაც ასეთი გააჩნიათ, ფრთხილად ელაპარაკებიან. არავის მოუვა თავში აზრად ბირთვული სახელმწიფოს დაბომბვა.
რეგიონის წარმატებული, მძლავრი სახელმწიფო ირანი, უძველესი ისტორიითა და კულტურით საახელგანთქმული, საინტერესო და საშური თანამედროვეობით ცნობილი, სულაც არ არის ის სახიფათო ურჩხული, რომელსაც ასე დაბეჯითებით ძერწავს მისგან დასავლური მედია. პროპაგანდა, ისე, როგორც წყლის წვეთები, ქვასაც ხეთქავს და რა გასაკვირია, რომ საქართველოს მოსახლეობაზე ემოქმედა. ასე და ამრიგად საქართველოს მოსახლეობამ „იცის“ თუ როგორ მკაცრად ექცევიან ირანში ქალთა სქესს, როგორი დაბეჩავებული არიან ისინი ჩადრებში გახვეულები და სხვა, და არ იცის, როგორ უსხედან ისინი, სიგარეტით პირში, ავტომანქანის საჭეს, როგორ აქტიურობენ პოლიტიკურ თუ საზოგადო ცხოვრებაში. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ირანულ ოჯახში ცოლი მონა კი არა, დომინანტია, ვიმედოვნებ ჩემი შეხედულება არ გააღიზიანებს ირანელ მამაკაცებს.
საქართველოს მოსახლეობამ არ იცის ირანელთა მაღალი განათლების თაობაზე, არც ის იცის, რომ დიდიან–პატარიანად ირანი კომპიუტერშია შემძვრალი, რომ კომპიუტერი ქალაქებიდან მოშორებით მდებარე მთის სოფლებისათვისაც კი ახალი ან უცხო ხილი არ არის, რომ ირანელმა ბავშვებმა მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადაში აშშ–ს, რუსეთის და იაპონიის შემდეგ მეოთხე ადგილი დაიკავეს, რომ მედიცინის განვითარების თვალსაზრისით ირანი არა მარტო რეგიონშია მოწინავე და რომ ამ ქვეყანაში ბევრი უცხოელი ჩადის სამკურნალოდ და ა.შ.
ირანის ახლოს გაცნობის მიზნით წინგადადგმულ ნაბიჯად მოიაზრება საქართველო–ირანს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება, რასაც ორი ქვეყნის ხელისუფლება გვპირდება. ნოემბრის პირველ დეკადაში იგეგმება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩეხრ მოთაქის ვიზიტი საქართველოში, რომლის დროს ხელი უნდა მოეწეროს უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას. ინიციატივა ოფიოციალური თეირანიდან მოდის. სწორედ მან პირველმა გააჟღერა საქართველოს მოქალაქეთათვის ირანში უვიზოდ შესვლის თაობაზე. ქართულ მინდორზე ირანის მხრიდან ჩამოწოდებულმა ბურთმა, ირანში საქართველოს ელჩის სახით, ის ადრესატი ჰპოვა, რომელმაც, საფეხბურთო ენაზე, ოსტატურად დაამუშავა ის და საგოლე პასიც ჩააწოდა საქართველოს ხელისუფლებას. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ამ შემთხვევაში გატანილი გოლი ორივე ქვეყნისათვის წარმატების მომტანი იქნება. და არა მარტო სავიზო რეჟიმის გაუქმებაში, არამედ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის დაწყებაში.
სიტყვა „დივერსიფიკაცია“ მარტო ენერგეტიკისათვის არ არის გამოგონილი, ის პოლიტიკაშიც გამოიყენება, თანაც გაცილებით ხშირად, ვიდრე ენერგეტიკასა და ეკონომიკაში. რაც საქართველოს ესაჭიროება სწორედ პოლიტიკური დივერსიფიკაციაა ანუ თანაბარი ურთიერთდამოკიდებულება რეგიონის ქვეყნებთან და არა მარტო მათთან. ერთ ქვეყანაზე ნახმარი ხურჯინივით ჩამოკიდებამ რა მოგვიტანა – ყველასათვის ცნობილია. დივერსიფიკაციის ხსენებისას სულაც არ მივიჩნევ აუცილებლად არსებული კურსის 180 გრადუსით შემობრუნებას, თუმცა ცალსახა და პრიმიტიული ერთი მიმართულების პოლიტიკური კურსი რომ შესაცვლელია, ამაში ეჭვი არ მეპარება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - სპეციალურად საინორმაციო–ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმისთვის“