საზოგადოება
საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. 11-15 თებერვალს საქართველოში ვიზიტად მყოფმა უკრაინელ ბიზნესმენთა ჯგუფმა ქართველ კოლეგებთან ერთად ქართულ-უკრაინული ბიზნესსაბჭო დააფუძნეს.
უკრაინელი ინვესტორები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ მიიღო. უკრაინელი ინვესტორები დაინტერესებულნი არიან საქართველოში სხვადასხვა სფეროში ინვესტიციების ჩადებით. „ჩვენ გავაცანით სამინისტროს მიერ ახლო მომავალში დაგეგმილი მუნიციპალური პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს წყლის, გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობას. ამ პროექტებზე ტენდერები მალე გამოცხადდება. მათ ამ პროექტებში მონაწილეობაზე ინტერესი გამოხატეს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.უკრაინელმა ბიზნესმენებმა ხაზი გაუსვეს მათ სურვილს, რომ ამ და სხვა პროექტებში ინვესტიციების ჩადებით და ბიზნესსაბჭოს მიერ წარმოდგენილი ახალი პროექტებით საქართველო-უკრაინას შორის ეკონომიკური ურთიერთობი კიდევ უფრო გაფართოვდეს და გაღრმავდეს.
როგორც „სტაროკიევსკი“ ბანკის ხელმძღვანელმა იური იორემნკომ განაცხადა, მათი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ქართულ-უკრაინული ბიზნესსაკონსულოს დაარსებაა, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს უკრაინიდან საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას, ასევე, ქართველ ბიზნესმენებს, უკრაინაში წარმატებით განახორცილონ თავიანთი პროექტები.