საქართველო, 18 თებერვალ, საქინფორმი. დღეს, 15:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიებისთვის მართავს სპეციალურ კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც მოხდება „ქართული ღვინის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზენტაცია.
როგორც პროექტის მენეჯერი დავით გოჩიაშვილი საქინფორმს ატყობინებს, ახალი დარგობრივი გაერთიანება ღვინის მწარმოებელი რამდენიმე ქართული კომპანიის მიერ დაფუძნდა. ასოციაციის მიზანი რუს იმპორტიორებთან ხელსაყრელი კავშირების გაერთიანებული ძალისხმევით დამყარება იქნება.საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი, როგორც რუსეთში მთავარი დარგობრივი ასოციაციის (НО АУРА) წარმომადგენელი საქართველოში, ახლად შექმილ გაერთიანებას კონსულტაციითა და პროფესიონალთა მომსახურებით დაეხმარება.
ასოციაციის ჩამოყალიბების აუცილებლობა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებისაკენ ორიენტირებული საზოგადოებრივი გაერთიანების არარსებობამ განაპირობა.
„ქართული ღვინის ექსპორტიორთა ასოციაცია“ აპირებს, მჭიდროდ ითანამშრომლოს როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან, ისე „როსპოტრებნადზორთან“ და რუს მომხმარებელთა ინტერესების დამცავ ავტორიზებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
კონფერენციას ღვინის მწარმოებელი 20-ზე მეტი ქართული კომპანია დაესწრება.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: „საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი“ 2012 წელს ჩამოყალიბდა და იყო პირველი მსგავსი ორგანიზაცია, რომელმაც დააყენა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განახლებისა საკითხი. ცენტრი ოფიციალურად წარმოადგენს „როსპოტრებნადზორთან“ არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრ ორგანიზაციას (НО АУРА) და ხელს უწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკურ სუბიექტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.