სამართალი
რუსუდან შარაძე მკვლელობის საქმის ახალი დეტალების შესახებ

1-SaraZe-samarttaaa2საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. რუსუდან შარაძისა და მისი ადვოკატის განცხადებით, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში გამოიკვეთა დამატებითი გარემოებები და არსებობს ახალი ჩვენებები. რუსუდან შარაძის აზრით, მთავარი პროკურატურა ამ ჩვენებებს ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს.

ამჟამად გურამ შარაძის მკვლელობისთვის ბრალდებულმა გიორგი ბარათელმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენება მან ზეწოლის ქვეშ მისცა. ამასვე ადასტურებს ერთ-ერთი პატიმარი, რომლის განცხადებითაც, ის თვითონ გახდა ციხეში ბარათელზე ზეწოლის მოწმე.

შარაძის ოჯახი სასამართლოს მაშინდელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მკვლელობის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს. საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვს ბარათელიც.

რუსუდან შარაძე გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში არსებულ სიახლეებზე დღეს „ადვოკატთა ასოციაციის“ ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციას, ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად, გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატები ირაკლი გაბრიჭიძე, გელა ნიკოლაიშვილი და გიორგი ბარათელის ადვოკატი მამუკა ნოზაძეც დაესწრებიან. 
რუსუდან შარაძე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ინფორმაციას მიაწვდის პროკურატურის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შესახებ.