რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ქართული ოცნება“ „ქართულ გაზაფხულს“ მიიღებს – „ნაცმოძრაობა“ სამოქალაქო ომს ამზადებს!

anal-red-NEW-arnoსაქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. თითქოსდა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლება, პირველად „დამოუკიდებელი“ საქართველოს ისტორიაში, არჩევნების კონსტიტუციური გზით შეიცვალა და არა რევოლუცია-გადატრიალებით, ქვეყანაში მშვიდობას და წესრიგს უნდა დაესადგურებინა...

მაგრამ სიტუაცია დღითი დღე იძაბება – ძველ ხელისუფლებას არაფრით სურს დამარცხებასთან შეგუება, ოპოზიციაში გადასულ პრეზიდენტს კი – გადადგომა და მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ძალაუფლების დარჩენილი ბერკეტების ნებაყოფლობით გადაცემა, თუმცა, იმავე კონსტიტუციით, მისი პრეზიდენტობის 5-წლიანი ვადა 2013 წლის 20 იანვარს ამოიწურა.

როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში? რისი იმედი აქვს სააკაშვილს და რას მოიმოქმედებს ივანიშვილი? რამდენად რეალურია საქართველოში  კოაბიტაცია, რომლისკენაც დაჟინებით მოგვიწოდებს დასავლეთი? – ამ შეკითხვებს უპასუხებს პოლიტოლოგი, საინფორმაციო– ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი:

–  ნაციონალები რამდენიმე პროვოკაციას ამზადებენ, რომლებიც უახლოესი თვეების განმავლობაში, მათი ჩანაფიქრით, სამოქალაქო ომში უნდა გადაიზარდოს! 8 თებერვლის პროვოკაცია საჯარო ბიბლიოთეკასთან ამ ჯაჭვში პირველი იყო.

–  სააკაშვილმა თქვა, რომ მისი პროვოცირება კრიმინალებმა მოახდინეს...

–  სააკაშვილმა სიმართლე თქვა –  დღევანდელი ოპოზიციის მთელი სათავე კრიმინალები არიან, უკანონო შეიარაღებული ბანდფორმირებაა. თბილისში, კახეთში, სამეგრელოზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მათ იარაღის საწყობები და  სამი ათასამდე თავზეხელაღებული ჰყავთ, რომლებსაც დასაკარგი არაფერი აქვთ. სადისტები, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში ატერორებდნენ ქართველ ხალხს, არსად გამქრალან –  ქვეყნიდან გაქცევა უკვე აღარ შეუძლიათ, არც აფხაზეთსა და პანკისში პარტიზანობა, ამიტომ მათთვის ერთადერთი გამოსავალი –  სისხლიანი რევანშია, თორემ სხვაგვარად არა მარტო ნაძარცვს, არამედ სიცოცხლესაც დაკარგავენ.

სხვათაშორის, ხალხმა იმ დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში მისული შს მინისტრ ღარიბაშვილის სახით პრემიერ-მინისტრს სცა პატივი და დაიშალა, თორემ 2 საათში მთელი თბილისი, 9 თებერვალს დილით კი ნახევარი საქართველო, ავლაბრის „რაიხსკანცელარიასთან“ იქნებოდა და მისი უმცირესობა მიხეილ ვადაგასულის მმართველობა დასრულდებოდა.

–  განა ამგვარ რამეს დაუშვებდა აშშ, რომელიც ძალიან ამაყობს საქართველოს მაგალითით –  ერთადერთი ქვეყნით, სადაც „უსისხლო ფერადი რევოლუცია“ არ ჩაფლავდა და 9 წლის შემდეგ „დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლამდე მიგვიყვანა“?

–  საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, რომელიც გასული წლის 1 ოქტომბერს და ამა წლის 8 თებერვალს მოვლენების მართვას ცდილობდა და მხარეებს „კოაბიტაციისკენ“ მოუწოდებდა, ვერ შეაჩერებს ნაციონალებს, როდესაც მათი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დადგება. მაგრამ ახლა საქმე ის არ არის, რომ სააკაშვილი ყოველთვის ატყუებდა აშშ-ს და ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ფულით დემოკრატიის ნაცვლად დიქტატურა ააშენა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მავანმა გავლენიანმა ჯგუფმა ვაშინგტონში ამ ცოტა ხნის წინ სააკაშვილს „მწვანე შუქი აუნთო“...

–  ვის გულისხმობთ?

–  სენატორიებს – რესპუბლიკელებს და კონგრესმენებს –  სააკაშვილის ლობისტებს,  ექს-სახელმწიფო მდივან კლინტონის მრჩევლებს კავკასიას და საქართველოს დარგში, პენტაგონის და „ცე-რე-უ-ს“ მაღალჩინოსნებს, უაღრესად უკმაყოფილონი იმით, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობს; რომ ივანიშვილი, სააკაშვილისგან განსხვავებით, მათ ნებას ბრმად არ შეასრულებს და უკვე შეაჩერა შავ ზღვაზე აშშ-ის პირველი სამხედრო-საზღვაო ბაზის –  „ლაზიკას“, მშენებლობა; რომ ახალი ხელისუფლების პირობებში შესაძლოა, ამოტივტივდეს უზარმაზარი „ატკატების“ ფაქტები ამერიკული დახმარების სხვადასხვა პროექტიდან და პროგრამიდან, რომლებსაც ისინი „ნაცრეფორმატორებისგან“ იღებდნენ.

–  და შემდეგ? რას გულისხმობდით სააკაშვილისთვის „მწვანე შუქის ანთებაში“?

–  საქართველოში მოვლენების არაბული გაზაფხულის სცენარით განვითარებას. როდესაც ტუნისში, ეგვიპტეში, ლიბიაში, ბაჰრეინში, სირიაში, იემენში მათივე დასმულმა ლიდერებმა ზედმეტი დამოუკიდებლობის გამოვლინება დაიწყეს, ამერიკელებმა მათი შეცვლის მიზნით იქ სისხლიანი სამოქალაქო ომების – აჯანყება- რევოლუციების პროვოცირება მოაწყვეს. თანაც ივანიშვილი –  ამერიკის კაცი არ არის. ხოლო სუპერსახელმწიფო, რომელიც მთელ მსოფლიოს თავისი ინტერესების ზონად მიიჩნევს, არასოდეს „ინახავს კვერცხს ერთ კალათში“ –  ყოველთვის არსებობს სათადარიგო ვარიანტი... ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ „ქართულ გაზაფხულს“ მიიღებს.

რაც შეეხება კოაბიტაციას – ქართველ ხალხს არ შეუძლია, ვითომც არაფერიო, მშვიდობიანად ითანაცხოვროს მოძალადეებსა და მათი შვილების მკვლელებთან! „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ შეიძლება პოლიტიკურ, თუნდაც, ოპოზიციურ  პარტიად იწოდებოდეს, და სიტყვა „კოაბიტაციის“ პოლიტიკური განმარტება საქართველოსთვის მიუღებელია, აქ საფრანგეთი არ გეგონოთ.

ამ სიტყვის საწყისი მნიშვნელობაც კი – პარტნიორების სქესობრივი თანაცხოვრება საქორწინო კავშირის გარეშე – ჩვენ არ გვესადაგება: თუ პარტნიორები საკუთარი სურვილით არიან სექსით დაკავებული, რამეთუ ამას ცოლქმრული მოვალეობა არ აიძულებს, ესე იგი, ისინი სიამოვნებას იღებენ. მერედა, განა შეიძლება ნაც-ანალებთან თანაცხოვრებით სიამოვნების მიღება?!

–  მაგრამ რაში სჭირდებათ სააკაშვილს და მის გუნდს მორიგი საშინელი ავანტიურა, რომლის მზადების თაობაზე ივანიშვილმა, უდაოდ, იცის? განა არ ესმით, რომ ამით ისინი ივანიშვილს საბაბს აძლევენ და ის მათთვის უკანასკნელი აღმოჩნდება?! ნაცუმცირესობას დღეს პარლამენტში ხომ გაცილებით მეტი  ადგილი აქვს, ვიდრე რეალური ელექტორატი ქვეყანაში, განა მათთვის ახლანდელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა უფრო ხელსაყრელი არ არის?

–  მიშა არის გველი ნაცკუდით, რომელიც ჩვილის აკვანში ჩაძვრა, თუკი საქართველოს ნორჩ, აღმოცენებად სახელმწიფოდ ჩავთვლით. მიშა არის „ვოვაჩკა“ (როგორც სარიშვილმა დაარქვა), რომელიც თანდათან ვერაგ ტირანად გადაიქცა. 9 წლის განმავლობაში მე მასზე ყოველ კვირა ვწერდი, ამიტომ ჩემზე უკეთ არავინ იცნობს, მშობელი დედაც კი.

გახსოვთ პატარკაციშვილის დავალებით მისივე სასახლე „არკადიაში“ ფარულად გადაღებული ვიდეოები, რომლებზეც მიშა, ვითომც აქ არაფერიო, მსჯელობს პედოფილიის, ჰომოსექსუალიზმის დაბრალებაზე, ჟურნალისტთა გადაბირებაზე?! გახსოვთ, ერთ-ერთ მომენტში ჟვანია, რომელიც კონსერვატიზმით არასოდეს გამოირჩეოდა, როგორ წამოდგა მაგიდიდან და ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს? იქნებ ზურა მაშინ პირველად მიხვდა, რომ ამ ბინძურ PR-ტექნოლოგიებს მიშას თავად მის წინააღმდეგ გამოიყენებს, რაც მალევე მოხდა კიდეც... მიშას ხომ არც სინდისი აქვს, არც ადამიანობა, თანაც ის –  წარმოუდგენელი ლაჩარია.

გახსოვთ „ვარდების რევოლუციის“ გამარჯვების ღამე , როცა შევარდნაძის კრწანისის რეზიდენციასთან ჟვანიამ მრისხანედ შეაჩერა „რევოლუციონერები“, რომლებიც რჩეულიშვილს ჯოხებით სცემდნენ? იმიტომ, რომ პოლიტიკოსებისთვისაც არსებობს ზნეობრივი საზღვარი, რომლის იქით არ აბიჯებენ. ოღონდ არა სააკაშვილისთვის, რომელიც მთელი ეს წლები გვამებზე მიაბიჯებდა თავის საზიზღარ გოგორიშვილი-გაბაშვილი-კეზერაშვილი-თარგამაძე-ბობოხიძე-წიკლაური-დარჩიაშვილთან ერთად, რომლის ჭუჭყიანი წვერი უკანალში გაჩრილ ცოცხს მოგვაგონებს! თუ ისინი ქართულ მართლმსაჯულებას გადაურჩებიან, ლინჩის წესით გასამართლებას და, მითუმეტეს, უფლის სამსჯავროს ვერსად გაექცევიან.

–  მაგრამ ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთანავე თქვა, რომ ჩვენ არ მოვექცევით მათ ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ მოვიქცევით ისე, როგორც საქართველოს კულტურას შეეფერება!

–  დიახ, აქ გადის ზნეობრივი საზღვარი ივანიშვილისთვის! მე არ ვამბობ, რომ „ნაცმოძრაობის“ ყველა წევრი და ყველა მათ მიერ დანიშნული უკლებლივ დასჯას ექვემდებარება – მათ შორის არიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც კეთილსინდისიერად მუშაობას განაგრძობენ საქართველოს საკეთილდღეოდ, და ასეთ შანსს მათ ახალი ხელისუფლება აძლევს – გაიხსენეთ ივანიშვილი-პოლიტიკოსის პირველი განცხადება 2011 წელს და ივანიშვილი-პრემიერის ამასწინანდელი განცხადება კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე, რომელშიც მან საპარლამენტო უმცირესობას მიმართა. მაგრამ ნაცმოთავეები, თავიანთ პროპაგანდისტებთან, ძალოვანი სტრუქტურების, იუსტიციის სამინისტროს, უშიშროების საბჭოს, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან ერთად კანონის  მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. დანარჩენებს კი „ისტორიის ქარი გაფანტავს, როგორც ნაგავს სტალინის საფლავიდან“...

–  უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერჯერობით დაკითხულ ყოფილ ხელისუფალთაგან დანაშაული არავის უღიარებია და რომ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთაგან შედარებით მსუბუქისთვის ბრალის წაყენების ტაქტიკა საზოგადოებაში გაოცებას იწვევს...

–  სააკაშვილის ბანდა – სისხლით შეკრული ძმობაა, სადაც თითოეულმა იცის –  ვინ ვინ მოკლა, გააუპატიურა, და ვინ რამდენი მოიპარა! ბოროტმოქმედებს მშვენივრად ესმით: ერთი თუ ალაპარაკდება – დანარჩენებსაც ხეირი არ დაეყრებათ, მათ შორის – ალაპარაკებულსაც, ოჯახთან და ახლობლებთან ერთად. მათ ისევ თავისიანები მოძებნიან და დახოცავენ, როგორც მანამდე სხვის შვილებსა და ცოლებს ხოცავდნენ და აუპატიურებდნენ, ამიტომ ნაცსავირთხე ჯერჯერობით „არ ტყდება“ და ერთ მეგობრულ ბუდობად არის შეკრული.

მაგრამ როდესაც „ობშჩაკის“ შემნახველი –  იუსტიციის ექს-მინისტრი ადეიშვილი, თავისუფლების, ინგლისის მოქალაქეობის და საზღვარგარეთ მდიდრული ცხოვრებისთვის 500 მილიონი დოლარის სანაცვლოდ მავან საქმიან ადამიანებს გადასცემს ფლეშკას საზღვარგარეთის ბანკებში ნაციონალთა პირადი და პარტიული ანგარიშების ნომრებით, გამომძიებლები დაპატიმრებულ „მაგარ ბიჭებს“ ქაღალდსა და კალმისტარს ვეღარ წაართმევენ – გამოძიებასთან გაცხარებული „თანამშრომლობა“ დაიწყება!

რაც შეეხება ტაქტიკას: დიახ, „აქლემის“ ქურდებს დღეს მხოლოდ „ნემსის“ ქურდობაში ადანაშაულებენ, მაგრამ გამოძიებამ „წვრილმანებიდან“ საგანგებოდ დაიწყო, იმიტომ, რომ მსხვილი, მთავარი ბრალის წაყენების შემდეგ წვრილმანს და მეორეხარისხოვანს უკვე ვეღარ წაუყენებ. გუშინწინ, „ქართული ოცნების“ მეორე პარტიულ ყრილობაზე, ივანიშვილმა თავის გამოსვლაში სიტყვა მოგვცა, რომ დაუსჯელი არცერთი დანაშაული არ დარჩება. ვფიქრობ, ნაცების წინააღმდეგ ამ კოზირებს აუცილებლობის მიხედვით ოპერატიულად დადებენ და სრულად წარმოადგენენ რამდენიმე თვის შემდეგ, 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებისას.

ხოლო დანაშაულებს, რომლებიც რამენაირად ეხება რუსეთს – ჩადენილია რუსეთის ფედერაციის, მისი ინტერესების, მოქალაქეების წინააღმდეგ, ანდა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო ურთიერთობის აღდგენის მომხრე საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ –  ჯერჯერობით საერთოდ არ იძიებენ, რადგან ამ ეტაპზე ივანიშვილს ეს პოლიტიკური თვალსაზრისით ხელს არ აძლევს: რუსეთი მას ისედაც გაგებით ეკიდება, ამერიკას კი შეიძლება ეწყინოს...

ბატონო არნო, ნაციონალები ივანიშვილს რუსეთის კაცს“ უწოდებენ, თუმცა მისი საგარეო პოლიტიკური კურსი ევროატლანტიკურია, როგორც სააკაშვილისა. მაგრამ  ჩემს კითხვაზე ერთ-ერთ პასუხში, როცა საქართველოში მოვლენების არაბული სცენარით განვითარების ხიფათის შესახებ საუბრობდით, თქვენ წარმოთქვით ფრაზა: ივანიშვილი არ არის ამერიკის კაცი...“. ესე იგი, ის მანც ვიღაცის კაცია?! მაშ, ვისი?

–  დღეს პირველად ვიტყვი ღიად ვისი კაცია ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ მანამდე საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ გიპასუხებთ, თუმცა, ვისი კაცია და საქართველოს ევროატლანტიზმის შესახებ ივანიშვილმა რამდენჯერმე თვითონ თქვა. უბრალოდ, ყურადღებით უნდა ვუსმინოთ მის გამოსვლებს და დავინახოთ ის, რაც ზედაპირზე დევს, და არ ჩავეფლოთ პარანოიდულ ინტერპრეტირებებსა და ინტრიგებში, როგორც ხარბი ქართველი პროქტო-პოლიტოლოგები, ჯერ კიდევ გუშინ – სააკაშვილის აპოლოგეტები, დღეს კი ივანიშვილის სასახლის წინ ურცხვად გაშვერილი ხელებით მოწკმუტუნე.

მაშ ასე: 2011 წლის 1 ნოემბერს, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, გამართულ თავის პირველ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მისწრაფება ნატოსა და ევროკავშირისაკენ უალტერნატივოა, მაგრამ დასძინა, რომ ამ საკითხებს, მიუხედავად ამისა, დინამიკაში და პერსპექტივაში უნდა შევხედოთ. 2013 წლის 5 თებერვალს ჩატარებულ რიგითობით ბოლო პრესკონფერენციაზე კი ივანიშვილმა, რომელიც დაიღალა გამუდმებული ერთი და იმავე კითხვებისაგან, დააკონკრეტა: სადაც ჩვენთვის უკეთესი იქნება, იქ ვიქნებით! –  განაცხადა პრემიერმა და საქართველო იგულისხმა. აი, ეს არის საქმი კაცის პასუხი.

ჩემი მხრიდან მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ნატოში საქართველოს წევრობის პერსპექტივა იმდენად ეფემერულია, რომ მას რუსეთშიც კი არავინ უყურებს სერიოზულად, ევროკავშირში საქართველოს კიდევ უფრო არარეალური წევრობა კი საერთოდ არავის აღელვებს, ვინაიდან ამ საკითხში არ არის სამხედრო მდგენელი (რუსეთის მეზობელი საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს კონტინგენტის განლაგება).

და კიდევ, შეგახსენებთ იგავს უძღები შვილის შესახებ, რომელიც ჯანყდება და მშობლიური სახლიდან მიდის, მაგრამ შემდეგ მონანიებით ბრუნდება იმ ტრადიციულ ღირებულებებთან, რომლებიც ადრე, სიყმაწვილისა და გამოუცდელობის გამო, მოძველებულად ჩათვალა... მას სხვა ნავსაყუდელი არ გააჩნია, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, საქართველოსთვის კი ერთადერთი ნავსაყუდელი ყოფილი სსრკ-ს მოძმე ხალხების ოჯახი. 

გინდათ, თქვათ, რომ ივანიშვილი რუსეთის კაცია და რეანიმირებული სსრ ავშირისკენ მიჰყავ საქართველო?!

–  აბსოლუტურად გამორიცხულია! ჯერ ერთი, სსრკ-ს რეანიმაციას არავინ ახდენს, ხოლო პუტინის ევრაზიული კავშირი, თუკი ეს გქონდათ მხედველობაში, უფრო ევროკავშირის ანალოგია, რომლისკენაც დღეს ასე ისწრაფვის საქართველო.

მეორეც – თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ივანიშვილმა სსრკ-ში არსებულ კანონმდებლობასთა კოლიზიაში მოიპოვა, როცა საქმიანი ხალხი ლამის ბოროტმოქმედებად მიაჩნდათ, ხოლო მათი საქმიანობა – უკანონოდ. ამის შემდეგ როგორ უნდა ჰქონდეს ნოსტალგია სსრ ავშირის მიმართ?! სხვათაშორის, ეს თავად ბიძინა ივანიშვილმა თქვა გასული წლის დამლევს თავის ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე.

მაშ, ვინ არის, თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილი და საით მიჰყავს მას საქართველო?!

–  2011 წლის 5 დეკემბერს, ჩემს პუბლიკაციაში ოცნებები სრულდება და არ სრულდება –  ვინ ხართ, ბატონო ივანიშვილო? შევეცადე, მეპასუხა ამ კითხვაზე და დღეს ვრწმუნდები, რომ არ შევმცდარვარ. ახლა, ჩვენს ინტერვიუში, მე თავდაპირველად ვთქვი, რომ ივანიშვილი –  ამერიკის კაცი არ არის, მერე კი, რომ ადეიშვილი ფლეშკას მავან საქმიან ხალხს გადასცემს. შემდეგ მე ივანიშვილს საქმის კაცი და საქმიანი ადამიანი ვუწოდე, რომლის საქმიანობა სსრკ-ში აკრძალული იყო. ახლა კი გაიხსენეთ, რომ ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისთანავე განაცხადა: მე არ ვარ პოლიტიკოსი, ორი წლის შემდეგ წავალ და საქართველოს დავუტოვებ აწყობილ ეკონომიკას და დაბალანსებულ პოლიტიკურ სისტემას. ის მაშინ სიმართლეს ამბობდა, როგორც პრაგმატიკოსი, თუმცა, ქართველმა საზოგადოებამ მისი სიტყვები აღიქვა, მხოლოდ როგორც ჭეშმარიტი პატრიოტის რომანტიკული სულის მისწრაფება, რომელიც, სააკაშვილისაგან განსხვავებით,  სავარძლისთვის თავს არ იკლავს...

თქვენთვის ჯერ კიდევ არ გახდა ნათელი –  ვისი კაცია ბიძინა ივანიშვილი?!

–  თუ შეიძლება, უფრო კონკრეტულად, ბატონო არნო...

–  კეთილი. საქმე ის არის, რომ მსოფლიოში არსებობს ტრანსკონტინენტური და სახელმწიფოსზედა საქმიანი ადამიანების კონსორციუმი (საკ) –  საერთაშორისო კლუბი, რომელიც გაცილებით უფრო რეალურ ფასეულობებს ემყარება, ვიდრე მასონების ვირტუალურ-თეატრალური ძმობა ან ლიბერალურ თავისუფლებათა ევროამერიკული იდეოლოგია, რომლის მხოლოდ ხსენებაზეც კი საქართველოში ზოგ-ზოგიერთებს ორგაზმი ემართებათ... და ეს ფასეულობებია – მატერიალური სიმდიდრე.

კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც შემოქმედის ნიჭი აქვთ (თუმცა, არ მღერიან, არ ხატავენ და ლექსებს არ წერენ), ქმნის მატერიალურ სიმდიდრეს და ამით ხელს უწყობს პროგრესს. სიტყვები „ოლიგარქი“ და „ბიზნესმენი“ სრულად ვერ ასახავს მათ არსს, ამიტომ მე ვამჯობინებ, მათ საქმის ხალხი, საქმიანი ადამიანები ვუწოდო. მათზე ეფუძნება სახელმწიფოები, რომლებიც მათ აფასებენ (სააკაშვილის საქართველოს გარდა, სადაც ბიზნესმენებს არეკეტებდნენ, ციხეში სვამდნენ და კლავდნენ!).

ნებისმიერი ოფიციალური მილიარდერი აუცილებლად მსოფლიო კონსორციუმის – საქმიანი ადამიანების საერთაშორისო კლუბის წევრია და დამოუკიდებლობის საკმარის წილს ფლობენ, რომ არც აშშ, არც რუსეთი მათ ბრძანების ტონით არ ელაპარაკოს.

მაშ ასე: ბიძინა ივანიშვილი –  მსოფლიო კონსორციუმის –  საქმიანი ადამიანების საერთაშორისო კლუბის წევრია! აი, ვისი კაცია ბიძინა ივანიშვილი, აი, ვინ დაეხმარა მას „ფეხზე დადგომაში“ და მნიშვნელოვანწილად ვის უნდა უმადლოდეს თავის ქონებას!

–  მაგრამ რატომ მოვიდა ეს სუპერმდიდარი და გავლენიანი ადამიანი ქართულ პოლიტიკაში, საკუთარი თავი და თავისი ქონება რისკის ქვეშ რატომ დააყენა?!

–  აგიხსნით. ზემოთ საქართველო ახალდაბადებულ ჩვილს შევადარე. როგორც ყველა ახალგაზრდა სახელმწიფო, ის საინტერესოა საქმიან ადამიანთა კლუბისთვის –  აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიჯნაზე მყოფ მიმზიდველ საქართველოში შეიძლება სარფიანად ინვესტიციების ჩადება, საბანკო სექტორის, წარმოების, ტურიზმის განვითარება, ანუ ჯერ კიდევ თავისუფალ ტერიტორიაზე ბიზნესის კეთება.

შემდეგ. საქმიანი ადამიანები ყოველთვის ცდილობენ მოილაპარაკონ და არა – იომონ, ხოლო თუ ეს არ გამოდის –  დაბრკოლებას საკუთარი მეთოდებით აღმოფხვრიან, თუნდაც ეს – პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ძალა იყოს. დიახ, საქმიან ადამიანებს ომები და კონფლიქტები არ უყვართ, მაგრამ მათ სასტიკი სკოლა გაიარეს, სადაც შეცდომის ფასი შესაძლოა, საკუთარი სიცოცხლე გამხდარიყო, ამიტომ ისინი არავის არაფერს პატიობენ და მათი ყველა მოწინააღმდეგე, ადრე თუ გვიან, დამსახურებულად ისჯება.

მაშ ასე, საქართველო. თავდაპირველად საქმიანმა ადამიანებმა სააკაშვილთან მოლაპარაკება ბადრი პატარკაციშვილს დაავალეს. მაგრამ სააკაშვილთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა (სასახლე „არკადიაში“ ფარულად გადაღებული ექვსი შავ-თეთრი ვიდეო,  პატარკაციშვილის, სააკაშვილის, უგულავას, ჟვანიას, მერაბიშვილის, ჩხარტიშვილის და კიწმარიშვილის მონაწილეობით, იხილეთ საქინფორმის საიტის ვიდეოარქივში), და ვერც მისი მოშორება: მიშამ თვითონ მოიშორა პატარკაციშვილი, თანაც–  სამუდამოდ... მანამდე კი მიშამ სამუდამოდ მოიშორა ზურაბ ჟვანია, იმიტომ, რომ მას, ისევე, როგორც პატარკაციშვილს, მისი მთავარი ჩანაფიქრისთვის ხელის შეშლა შეეძლო.

–  რა ჩანაფიქრისთვის, ბატონო არნო?

–  სააკაშვილს თვითონ მოუნდა საკ-ის, ანუ საქმიანი ადამიანების კლუბის წევრობა და ერთპიროვნულად ყველაფრის მართვა! დამსახურება არ უნდა დავუკარგოთ – ის წარმატებისგან ერთ ნაბიჯზეღა იყო და 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ კი არა, „ნაცმოძრაობას“ რომ გაემარჯვა, დღეს საქართველო  იქნებოდა ტოტალიტარული წარმონაქმნი სააკაშვილის მაფიოზური კლანის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც არა მარტო მართავდა მთელ ფინანსებს, არამედ საერთაშორისო  ნარკოვაჭრობიდან, იარაღით ვაჭრობიდან და სხვა არალეგალურ ფულს „გაათეთრებდა“, საქართველოს საბანკო სისტემაში მისი გატარების გზით!

საბედნიეროდ, მიშას გეგმებს ახდენა არ ეწერა, პირველ რიგში – იმის გამო, რომ ის ბუნებით არ არის საქმის  და სიტყვის კაცი – გადამგდებია, რომელიც საქმიან ადამიანთა კლუბმა ახლოსაც არ გაიკარა, თუმცა სააკაშვილიც – მილიარდერია, მაგრამ – არაოფიციალური.

–  ასეთი სენსაციური ვერსია პირველად გვესმის...

–  ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ საქმიანი ადამიანების არჩევანი ბიძინა ივანიშვილზე შეჩერდა, როგორც საქმისა და სიტყვის კაცზე. მასაც, როგორც პატარკაციშვილს, თავიდან დაავალეს, არა ეომა, არამედ დალაპარაკებოდა სააკაშვილს (რასაც 2007 წლამდე აკეთებდა კიდეც), ხოლო თუ არ გამოუვიდოდა – ჩამოეშორებინა დაბრკოლება (რაც ბრწყინვალედ განახორციელა 2012-ის ოქტომბერში).

აი, ვის წინადადებაზე არ შეეძლო და, როგორც ქართველს, არც უნდოდა უარის თქმა ივანიშვილს და რაზეც არაფრით დათანხმდებოდა, ეს რომ აშშ-ის ან რუსეთის მითითება ყოფილიყო! აი, რატომ თქვა მან, რომ 2 წელიწადში წავა, შექმნის რა დაბალანსებულ და აწყობილ სისტემას, ხოლო საქართველოს ხელისუფლებაში შეუბღალავი პოლიტიკოსები მოვლენ! და მას ეს შეუძლია – ქართველი ხალხისთვისაც და საქმიანი ადამიანების საერთაშორისო კლუბისთვისაც, იმიტომ, რომ სადაც საქმიან ადამიანთა ინტერესებია, იქ არ ომობენ და ყველაფერი ყვავის! მაგრამ თავისთავად ინვესტიციები ერთბაშად არაფერს მოიტანს. ამისათვის ორი რამ არის საჭირო –  გამართულად მოქმედი საბანკო სისტემა და გამართულად მოქმედი კანონი, სწორედ ამას ჰქვია სტაბილური სახელმწიფო.  

–  და ჩვენი მთავარი მტკივნეული პრობლემები – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან – როგორღა მოგვარდება?

–  როდესაც ადამიანს სურდო აქვს, მას ცხვირზე კი არ უჭერენ, არამედ დაავადების მიზეზს ებრძვიან. უნდა შეიქმნას სტაბილურობა, ყველა დანარჩენი პრობლემა კი, მათ შორის – მთავარი, თავისთავად მოგვარდება, როდესაც იქნება აფხაზებისა და ოსების მხურვალე სურვილი, ქართველებთან ერთ ძმურ ოჯახად იცხოვრონ. ვფიქრობ, რომ საქართველოს „სურდო“ გაუვლის და მალე ის „მთელი მკერდით ჩაისუნთქავს“, თუ ივანიშვილს ხელს არ შეუშლიან, რაც, სამწუხაროდ, ხდება...

–  გმადლობთ, ბატონო მთავარო რედაქტორო, ესოდენ საინტერესო ინტერვიუსთვის!

–  ერთი წუთით, მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ დავამატო. აღმაშფოთებელია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დღემდე არ აქვს მედიაინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკას გაატარებს! გამიჭირდება, დავასახელო მასობრივი ინფორმაციის საშუალება, რომელიც თანმიმდევრულად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის კურსს და მის მოღვაწეობას განმარტავს. რაც შეეხება ტელევიზიებს –  ეს  საერთოდ ნონსენსია: „პირველი საზოგადოებრივი“, „რუსთავი 2“, „იმედი“ –  დღეს საქართველოს ყველა მსხვილი ტელემაუწყებელი ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს! ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციათა უმრავლესობა, რომლებსაც მე ანტისამთავრობოებს ვუწოდებ, და საქართველოს სახალხო დამცველი –  ყველაზე უცნაური კადრი ამ ინსტიტუტის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე.

ესაუბრა ელენე დიასამიძე