საზოგადოება
H1N1 ვირუსის გავრცელების მატების ტენდენცია 4 კვირას შენარჩუნდება

1-gripi-sazogadoeba3საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში H1N1 ვირუსის გავრცელების მატების ტენდენცია ოთხი  კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. თუმცა,  მისი თქმით, წელს ვირუსის შემთხვევების გავრცელება, შარშანდელთან შედარებით, განსაკუთრებული ინტენსივობით არ გამოირჩევა.

ცენტრის დირექტომა კონკრეტული მაჩვენებლების მოყვანით აღნიშნა, რომ  ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურებულია ე.წ. ღორის გრიპის 75 შემთხვევა, მიმდინარე სეზონის განმავლობაში კი გრიპის 92 შემთხვევა დაფიქსირდა. გამყრელიძის განმარტებით გართულების თავიდან აცილების მიზნით, გრიპის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე განსაკუთრებული ყურადღება მართებთ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გულისა და სასუნთქი სისტემების ქრონიკული დაავადებები და დიაბეტი აწუხებთ. გარდა ამისა, მასობრივი თავშეყრის ადგილებს უნდა მოერიდონ ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები.

ცნობისათვის: H1N1 ვირუსის სიმპტომებია მაღალი სიცხე, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ხველა და ყელის ტკივილი.