აქტუალური
საკონსტიტუციო ცვლილებები შესაძლოა, ვადამდე ამოქმედდეს

1-daTo-aqttuaa2საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ძალაში ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შესულიყო, შესაძლოა, ვადამდე ამოქმედდეს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ინიციატივით თავად გამოვიდა.

„ამ წუთებში მიმდინარეობს საუბრები იმაზე, ხომ არ შევიყვანოთ ძალაში კონსტიტუციის ის ცვლილებები, რომლებიც 2010 წელს შეიმუშავა თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ”, მაგრამ ეს ცვლილებები ელოდება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და შემდგომ შევა ძალაში. ამ ცვლილებების მიხედვით, მნიშვნელოვნად მცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილება. იზრდება პრემიერის უფლებამოსილება და ბალანსდება პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ იმ მოდელში არის გარკვეული ხარვეზები, მისი ამოქმედება ნაწილობრივ და არა სრულად იქნება ბევრი პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს დგას დღის წესრიგში. კოალიცია „ქართული ოცნება” და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აყენებდა მხოლოდ ერთ საკითხს, ანუ ჩვენთვის საკმარისი იყო იმ ერთი საკითხის მოგვარება, რომ პრეზიდენტს აღარ შეეძლოს ერთპიროვნულად მთავრობის შექმნა, მაგრამ ამ საუბრებში, ვინაიდან გაჩნდა მზაობა უფრო კომპლექსური, უფრო გლობალური პრობლემების მოგვარების, ჩვენ ვთქვით, რომ ეს საინტერესო იდეაა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.