აქტუალური
გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი – „126“ამოქმედდა

1-cxeli-aqtualuri1საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან ამოქმედდა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი -  „126“. სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს  შესაძლებლობა აქვს, ცხელ ხაზზე გენერალურ ინსპექციას აცნობოს. ცხელი ხაზი – „126“  24 საათის განმავლობაში იფუნქციონირებს.

შსს-ის გენერალური ინსპექცია უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არასათანადო შესრულებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.

გენერალური ინსპექციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია: შსს-ის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, პიროვნების თავისუფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა, სამსახურებრივ და სხვა გადაცდომათა გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია და მათზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება; სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და წინასწარი გამოძიების განხორციელება.

გენერალური ინსპექცია დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და პასუხისმგებელია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.