პოლიტიკა
საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გუშინ თურქეთში იმყოფებოდა პირველი ოფიციალური ვიზიტით.
ივანიშვილის პირისპირ შეხვედრა რეჯეფ ტაიიპ ერდოღანთან თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრას წინ უძღოდა დახვედრის ოფიციალური ცერემონია. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციების მოლაპარაკებები გაფართოებული შემადგენლობით. მხარეებმა რეგიონულ საკითხებზე იმსჯელეს და კეთილმეზობლური პოლიტიკის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს.