რედაქტორისგან
გულბაათ რცხილაძე:„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია, უნდა აილაგმოს!

1-analit-nacmoZraobaსაქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. ევრაზიის ინსტიტუტის ხელძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით ინტერვიუ გაზეთ "ახალ თაობას" მისცა.

- 8 თებერვალს მომხდარის შეფასება: იყო თუ არა ეს ნაციონალების მორიგი პროვოკაცია?

-  პროვოკაცია, მიმართული უცხოეთზე „საპიაროდ“, ნაც-ბანდისაგან „ტანჯული ოპოზიციის“ იმიჯის შესაქმნელად. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან  შეკრებილი ყოფილი პოლიტპატიმრები არ იყვნენ საჩხუბრად განწყობილნი და მომზადებულნი, მათი მიზანი იყო, ვადაგასული პრეზიდენტის და მისი ამალის არშეშვება შენობაში, ანუ შენობის ბლოკირება. მე თავად იქ გახლდით და ყველაფერს კარგად ვხედავდი, ბოლოს ჭყლეტაში მოვყევი, წავიქეცი და ფეხი დავიზიანე. არეულობა გამოიწვია უგულავას პროვოკაციამ, რომელსაც წინ დაცვა მოუძღოდა და რამდენიმე ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამან ხალხი ააღელვა და გამოიწვია საპირისპირო რეაქცია, რამდენიმე „ნაცი“ გაილახა, უგულავა ძლივს გაათრიეს საღ-სალამათი. საბოლოო ჯამში ყოველივე ეს, პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანილი, ნიშნავს: არც ერთმა მხარემ არ მოიგო, ყველაფერი ინტერპრეტაციის საქმეა - ვისაც სურს, ის ყოფილ პოლიტპატიმრებს აღიქვამს მოძალადეებად და კანონის დამრღვევებად, მეორეს მხრივ კი შეიძლება ითქვას, რომ ვადაგასულ პრეზიდენტს და თბილისის ლაწირაკ მერს ხალხმა თავისი ადგილი მიუჩინა, მათ თავს ლაფი დაასხა და გადაადგილების საშუალება არ მისცა. რომელი ვერსია იქნება დომინანტი ხალხის ცნობიერებაში, უკვე შესაბამისი პიარის საქმეა. სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ აქვს დარეგულირებული საინფორმაციო პოლიტიკა და ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული. გაუგებარია, რაში იღებენ მსუყე პრემიებს სახელმწიფო კანცელარიაში შექმნილი სპეციალური საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები.

- შს მინისტრის თქმით მათ ამაზე ინფორმაცია ქონდათ და შესაბამისი ზომებიც იყო მიღებული, როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა რეალურად დაცული პრეზიდენტის და მისი მომხრეების უსაფრთხოება?

- პოლიციას მართლაც ჰქონდა გაკეთებული ორი კორიდორი, მინისტრმა ღარიბაშვილმა ყველაფერი იღონა, რაც მას კანონით ევალება. მაგრამ არის სხვა მომენტიც. ვადაგასული პრეზიდენტის გამოჩენა თავისთავად იქნებოდა პროვოკაცია და დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევდა, უარესი ჩხუბითა და სისხლის ღვრით, ვიდრე ამას ადგილი ჰქონდა 8 თებერვალს. პოლიციას მოუწევდა ხალხთან კონფლიქტში შესვლა.  ჯერ კიდევ 12 საათისათვის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან სააკაშვილის პროტოკოლის უფროსი დარჩიაშვილი გამოჩნდა, რომელმაც სიტუაცია „დაყნოსა“ და უკან გაბრუნდა. ამ დროს უკვე შეკრებილი იყო ყოფილ პოლიტპატიმართა ნაწილი. როგორც ჩანს, დარჩიაშვილმა თავის პატრონს სიტუაცია სწორად აუხსნა და სააკაშვილს ბიბლიოთეკაში მოსვლა გადააფიქრებინა. სამაგიეროდ, პროვოკაციის მოწყობა თავის თავზე უგულავამ აიღო.

- ამ ფაქტს საერთაშორისო დონეზე მოყვა გამოხმაურება, აისახება თუ არა ეს ყველაფერი ახალი ხელისუფლების იმიჯზე უარყოფითად?

- შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია. ჩვენ თუ დასავლეთის დაკრულზე განვაგრძეთ ცეკვა-თამაში, იმაზე შორს ვერ წავალთ, ვიდრე სააკაშვილმა წაგვიყვანა. საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს სუვერენულ სახელმწიფოდ, ჩვენს საქმეებში დასავლეთი არ უნდა ერეოდეს. კარგი პასუხი გასცეს, სხვათა შორის, აშშ ელჩ ნორლანდს, ავლაბრის სასახლესთან, ქართველმა მოპიკეტეებმა. ასეთივე პოზიცია უნდა ეკავოს მთავრობას. საბოლოოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სააკაშვილმა 9 წელი იმიტომ გაძლო და თუნდაც 7 ნოემბერს არ დაემხო, რომ მას მხარდაჭერა დასავლეთიდან ჰქონდა. მე არ ვგულისხმობ, რომ საერთოდ უნდა მოხდეს უგულებელყოფა იმისა, თუ რა აზრის იქნებიან დასავლეთში ჩვენს პოლიტიკაზე, სააკაშვილმა საქართველო დაუმონა დასავლეთს და ამ მონობიდან ივანიშვილიც ვერ გამოგვიყვანს რამდენიმე თვეში, ამიტომ დასავლეთთან საინფორმაციო მუშაობაა საჭირო, ვინც არ მფარველობდა სააკაშვილს, ყველა ჩვენს მხარეს უნდა დავიყენოთ და დავაწრმუნოთ, რომ ვებრძვით ანტიდემოკრატიულ ძალებს. მაგრამ გეზი ნათელი უნდა იყოს - ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც გადაწყვეტილებებს თავად ღებულობს. აქამდე საქართველო დამოუკიდებელი არ ყოფილა, არც 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტის მიღებით, არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. საქართველოს ჯერ-ჯერობით მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფოს გარეგნული ატრიბუტები აქვს. ეს მდგომარეობა რეალურ დამოუკიდებლობად უნდა ვაქციოთ.

- აქვს თუ არა რესურსი ნაციონალურ მოძრაობას იმ რევანშისთვის, რომლისთვისაც ემზადება?

- როგორც ირკვევა, ნაც-ბანდას ჰყავს თავისი ბოევიკები, ერთ-ერთი ასეთი ბაზა ამას წინათ აღმოაჩინეს და პიკეტირება მოუწყვეს შოთა აფხაიძემ, ლევან ჩიტაძემ და სხვებმა - ხვიჩა მაქაცარიას სახლ-ოფისთან. გარდა ამისა, არსად არ წასულან სამეგრელოში მობილიზებული „რეზერვისტები“ - ირაკლი ალასანიას ცნობილი სიის პერსონაჟები. ახლახანს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, დავით ფურცხვანიძის მიმართვაზე, უშიშროების საბჭოში, გიგა ბოკერიას სახელით განაცხადეს, რომ ეს რეზერვი ოფიციალურად აგრძელებს ფუნქციონირებას. ამაზე მთავრობას რეაქცია არ აქვს, იგი ჯერ კიდევ არ იქმნის სანდო ძალოვან დასაყრდენს. შესანიშნავი მინისტრია ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ მას თუ დავუწესებთ  ზედმიწევნით დემოკრატიულ ჩარჩოებს მაშინ, როდესაც ეს ჩარჩოები „ნაცებზე“ არ ვრცელდება, მისი მოღვაწეობის შედეგები ნაკლებად ეფექტური იქნება. ქვეყანაში უნდა შეიქმნას რევოლუციური გარემო, ნაც-ბანდა უნდა აილაგმოს მთლიანად, უნდა გამოვლინდეს მმათ მფლობელობაში არსებული სტრატეგიული ობიექტები, ყოველივე ეს მათ უნდა ჩამოერთვათ. ვინც კრიმინალია - ციხეში უნდა მიბრძანდეს, ვინც „უბრალოდ“ ნაცების „ინტელექტუალური მხარდამჭერია“, უნდა გაირიყოს და იზოლაციაში მოექცეს. ვიცი, ფრიად მიუღებელ რამეს ვამბობ ადამიანის უფლებების დამცველთათვის, მაგრამ მე პოლიტოლოგი და პირველ რიგში, რეალისტი ადამიანი ვარ. ჯერ შევქმნათ მყარი რეალობა და მერე დავიცვათ „ნაცების“ უფლებები. თუ ასე არ მოხდა, მაშინ „ნაცებს“ მცირე, მაგრამ გარკვეული შანსები უჩნდებათ, გადარჩნენ პოლიტიკურად და გარკვეულ პროცესებზე გავლენა შეინარჩუნონ, თუმცა მათ ტრიუმფალურ დაბრუნებას ხელისუფლებაში მაინც არ ველი, ხალხში ძალზე დიდია მათდამი სიძულვილი. მაგრამ დაუშვებელია, რომ მათ რაიმე პოლიტიკური გავლენა შეინარჩუნონ ქვეყანაში, ფინანსურ ბერკეტებთან ერთად, რადგან ეს მუდმივი დესტაბილიზაციის წყარო იქნება. ამიტომ, ვიმეორებ: „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია, უნდა აილაგმოს - ამა თუ იმ ფორმით.

- ყველაზე მეტი კრიტიკა ისმის ახალი ხელისუფლების მიერ გატარებულ საგარეო კურსზე, როგორია თქვენი შეფასება?

- საკრიტიკოს ვერაფერს ვხედავ. უწმინდესმა და უნეტარესმა, პატრიარქმა ილია მეორემ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ამ დისკუსიას: ომი დაიწყო სააკაშვილის ბანდამ და საქართველოს რუსეთთან სჭირდება ძმური ურთიერთობა. ამას პირადად მე მრავალი წლის განმავლობაში ვიძახი, მაგრამ სულ სხვაა, პატრიარქი რას იტყვის. ძალიან სწრაფად მოხდა რუსეთთან დადებითი ძვრების გაჩენა. შემდეგი ეტაპი უნდა იყოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და სრული ნორმალიზება.

- არის თუ არა შესაძლებელი ქვეყანამ შეინარჩუნოს ევროკავშირისკენ აღებული კურსი და პარალელურად მოწესრიგდეს რუსეთთან ურთიერთობა?

-  რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ჩვენი „კურსი“ ევროკავშირისკენ და ნატოსკენ პირობითია, იქ ჩვენ არავინ გველის, ცხოვრება კი გვიბიძგებს, რუსეთს დავუახლოვდეთ და სარგებელი ვნახოთ ეკონომიკურ ურთიერთობებში, გავაცოცხლოთ კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები. ევროკავშირ-ნატოსკენ აღებული „კურსი“ კი იყოს კურსად, პრობლემას ვერ ვხედავ, იმოგზაურონ მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა დასავლეთის ქვეყნებში, აკეთონ ლამაზი განცხადებები, შესანიშნავია. ევროკავშირის ბაზარი პირდაპირ თუ ირიბად, ჩვენთვის დახურულია, სამწუხაროდ, თორემ თვითმიზანი არ არის მაინცადამაინც რუსულ ბაზარზე ორიენტაცია. ისევ და ისევ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ.

- რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება იქნება თუ არა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გარანტი?

- ჯერ უნდა გავერკვეთ, რას ნიშნავს ჩვენთვის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. კონკრეტულად როგორ მოიაზრებს საზოგადოება ამ ტერმინს? აფხაზები და ოსები ჩვენი ყმები უნდა გახდნენ? ამ ტერიტორიებზე მარტო ქართული დროშა უნდა ფრიალებდეს? იქ ეთნიკურად ქართული ჯარი და პოლიცია უნდა იდგეს? თანამდებობის პირები თბილისიდან უნდა ინიშნებოდნენ? აი ეს და კიდევ მრავალი სხვა კითხვაა პასუხგასაცემი, ჯერ ისევ და ისევ ქართულ საზოგადოებაში. საოცარია, ამ თემებზე არანაირი დისკუსია არ მიმდინარეობს. არ ვიცით, რა გვინდა და ვითხოვთ იმას, რაც არ ვიცით! როდესაც გავერკვევით, რა გვინდა, ალბათ შემდეგ უფრო გასაგები იქნება, რას უნდა ველოდოთ იმავე რუსეთისაგან. ერთი კია, რომ რუსეთის გარეშე აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი არ გამოვა, ჩვენ კი ვეძახით მათ „ძმებს“, მაგრამ ისინი სხვა აზრზე დგანან - გამომდინარე ბოლო ოცდახუთწლიანი ისტორიის პრაქტიკიდან, რომელიც სააკაშვილმა „დააგვირგვინა“ 2008 წელს.

- ცოტა ხნის წინ საქართველოს სტუმრობდნენ რუსი ჟურნალისტები და ექსპერტები, რა იყო ამ ვიზიტის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები.

- ეს იყო უმაღლესი კლასის სპეციალისტთა დელეგაცია, მათ მასტერ-კლასები ჩაუტარეს დამწყებ ქართველ ჟურნალისტებს. პარალელურად ჩამოსული იყო ორი პოლიტოლოგი, რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები, ნიკოლაი სილაევი და ანდრეი სუშენცოვი, რომელთაც მეტად საინტერესო, დაბალანსებული და სიღრმისეული მოხსენება წარმოადგინეს ქართულ-რუსული ურთიერთობების აწმყოსა და პერსპექტივების შესახებ. სააკაშვილის პროპაგანდა გვაჩვევდა, რომ რუსეთი არის მხოლოდ ტანკები და კალაშნიკოვის ავტომატები, ისიც დაჟანგული, მაგრამ ვინც ამ მოხსენებას - ანალიზს წაიკითხავს, მიხვდება, რომ თანამედროვე რუსეთი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ზოგიერთს ჰგონია, რუსეთში არიან სპეციალისტები, ვინც ურთულეს პოლიტიკურ პრობლემებს კონსტრუქციულად, ფხიზლად და სერიოზულად უყურებს. აშკარაა მოხსენების ავტორთა კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ. ეს იყო პირველი ნაბიჯი, დაიწყოს რუს და ქართველ ექსპერთთა დიალოგი და ამ დიალოგის შედეგად მიეწოდოს რეკომენდაციები ორი სახელმწიფოს ხელისუფალთ. სილაევის და სუშენცოვის ჩამოსვლა არ იყო უბრალოდ კერძო პირთა ვიზიტი, მას დიდი მნიშვნელობა აქვს და მის უკან რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის პოზიტიური დამოკიდებულება დგას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და „ახალი თაობის“ საშუალებით მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ჩემი და შოთა აფხაიძის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე  გააუქმა სააკაშვილის რეჟიმის პროვოკაციული შეზღუდვები საქართველოში რუსი ექსპერტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ნაც-ბანდას ასეთი ტიპის რუსი ექსპერტების ჩამოსვლა სწორედ იმიტომ არ აწყობდა, რომ ისინი რუსეთს ღირსეულად წარმოადგენენ და ყველა პირობას ქმნიან, საქართველოსა და რუსეთს შორის თანასწორუფლებიანი დიალოგის დასაწყებად.

ესაუბრა შორენა გონგლაძე