აქტუალური
„დედაქალაქის მერი აგრძელებს საბიუჯეტო რესურსების ფლანგვის პრაქტიკას“

1-meri-aqqtuaa2საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნია განცხადებით,  „დედაქალაქის მერის, ბატონი უგულავას ინიციატივითა და გადაწყვეტილებით და მისი ერთ-ერთი მოადგილის ხელმოწერით შპს „სინათლის ქალაქს“ გადაერიცხა 800 000 ლარი კონკრეტული დანიშნულების გარეშე“.

მის ხელთ არსებული ინფორმაციის ფონზე იგი ვარაუდობს, რომ აღნიშნული თანხა „სინათლის ქალაქის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ხელფასებზე მიიმართება. გაბუნიას თქმით, კომპანია „თბილქალაქგანათება“ ჩანაცვლდა სახელდახელოდ შექმნილი „სინათლის ქალაქით“, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. ნოემბერში შექმნილი „სინათლის ქალაქის“ სამეთვალყურეო საბჭოში დასაქმებული არიან წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები: ლადო ვარძელაშვილი, კობა ხაბაზი, კოტე გაბაშვილი, გიორგი ჯანიაშვილი, დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი და ნაცმოძრაობის სხვა წევრები.  გაბუნიას განმარტებით, იანვარში თბილისის მთავრობის სხდომაზე უგულავამ აღნიშნული საბჭოს წევრებისთვის ხელფასის 2 500 ლარიდან  5 000 ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე სისრულეშია მოყვანილი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს პირობებში და იქ დასაქმებული ადამიანების ხელფასი შეადგენს 5 000 ლარს.

„დედაქალაქის მერი აგრძელებს საბიუჯეტო რესურსების ფლანგვის პრაქტიკას“, – აცხადებს გაბუნია და ამის აღსაკვეთად მოითხოვს ცენტრალური ხელისუფლებისა და საგამოძიებო სტრუქტურების რეაგირებას.