„აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატოს მაღალჩინოსნების მიერ ბოლოხანს გაკეთებული განცხადებების მიხედვით ისინი საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ. დავით ბაქრაძე კი აცხადებს, რომ საქართველომ არ უნდა მისცეს უფლება ევროპას, რუსეთის მიმართ რბილი პოზიცია დაიკავოს. ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა, რადგან წინა ხელისუფლება 8 წლის განმავლობაში დაკავებული იყო იმით, რომ ევროპას რუსეთის წინააღმდეგ აგულიანებდა და შედეგი თვალსაჩინოა – აფხაზეთი და სამაჩაბლო დავკარგეთ, რუსეთს კი დღეს უფრო მჭიდრო და ურთიერთხელსაყრელი კავშირები აქვს ევროკავშირსა და ნატოსთან. იმ უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური კრახის შემდეგ, რომელიც წინა ხელისუფლების წყალობით 2008 წლის აგვისტოში საქართველოს თავს დაატყდა, ძველ ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი საგარეო პოლიტიკურ კურსზე ან მიმართულებებზე, რადგან მათი პოლიტიკური სტაგნაცია სახეზეა, ქართველ ხალხს კი რაიმე მსგავსის გამეორება არ სურს. ყოფილ ხელისუფლებას ეტყობა, დაავიწყდა, რომ ცხინვალში საკუთარ მოსახლეობას ბომბავდა“, – აღნიშნა არჩილ ჭყოიძემ.
„ერეკლე მეორეს“ საზოგადოების ლიდერის აზრით, არანაკლებ სახიფათოა სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების მიერ ე. წ. არმენიზაციის გაუთავებელი ხსენება, რადგან ამგვარი არარსებული საფრთხეების გამოგონებით ვადაგასული პრეზიდენტი და მისი „სოლისტები“ საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას ცდილობენ.