პოლიტიკა
კვირიკაშვილი: „რკინიგზის აღდგენა აქტიური განხილვის საგანს არ წარმოადგენს“

1-rkinigzaaსაქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა ჯერჯერობით არ აპირებს აფხაზეთში რკინიგზის აღსადგენი სამუშაოების საკითხის განხილვას, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერმა წამოაყენა. ამის შესახებ კვირიკაშვილმა სასტუმრო „რედისონში“ აღმოსავლეთპარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე ეს საკითხი აქტიურად განხილვის საგანს არ წარმოადგენს, რადგან ეს რთული პოლიტიკური თემაა, რომლის გადაწყვეტაც მარტივი არ არის. კერძოდ, ეს ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, თუმცა, ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ აფხაზებთან ურთიერთობების მოწესრიგებას საქართველოში მიესალმებიან და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი უწინ აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად „აფხაზეთის დეიზოლაციის სტრატეგიის“ ფარგლებში, რასაც აფხაზეთის მხრიდან დიდი ინტერესი არ მოჰყოლია.