პრემიერის თქმით, ბატონ ფულესთან ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდა. „ახალი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ტემპები იყოს მაქსიმალურად დაჩქარებული. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ყველა პრობლემაზე ვმუშაობთ და მაქსიმალურად ვაჩქარებთ და ვინარჩუნებთ ტემპებს. ჩვენი მიზანია, ვილნიუსის სამიტისთვის მოვახერხოთ ასოცირების შეთანხმების შესახებ პარაფირება და კარგი იქნება ასეთი ჩანაწერის გაჩენაც, რომ ჩვენ გვაქვს ევროპული პერსპექტივა, რაც მაქსიმუმია დღევანდელისთვის, რასაც შეიძლება მივაღწიოთ ვილნიუსის სამიტამდე“, – განაცხადა პრემიერმა.
ივანიშვილის განცხადებით, ბატონმა ფულემ მასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ აინტერესებს კოაბიტაციის პრობლემები და ყველაფერ ამას თვალს ადევნებს, როგორი ურთიერთობა იქნება პრეზიდენტსა და ახალ ხელისუფლებას შორის. „მისი მხრიდან იყო თხოვნა, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდეს“, – განაცხადა პრემიერმა.