აქტუალური
ჭიაბერაშვილი: „იყო თუ არა თქვენს ოჯახში დასაქმების აგენტი?“

1-Wia-aqtuaa3საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე უკვე მივიდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალ მთავრობას კარგი საშუალება აქვს, მოქალაქეების დასასაქმებლად გამოიყენოს ძველი ხელისუფლების პირობებში შემუშავებული ბაზა, თუმცა, ამის ნაცვლად დაკითხვებით არის დაკავებული.

ყოფილმა მინისტრმა დაკითხვამდე საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ დასაქმების აგენტები ოჯახებში მხოლოდ დასაქმებაზე საუბრობდნენ და პარტიის აგიტაციას არ ეწეოდნენ. „ვიდრე კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ზეწოლის იარაღად ქცეული პროკურატურის ბრალდებებს მოუსმენთ, პირველ რიგში, საკუთარ თავს ჰკითხეთ – იყო თუ არა თქვენს ოჯახში დასაქმების აგენტი. უფრო მეტიც, კიდევ ერთხელ გაიხსენეთ, ის თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების საჭიროებებსა და დასაქმებაზე გესაუბრებოდათ თუ რომელიმე პარტიის აგიტაციას ეწეოდა. მხოლოდ ამის შემდეგ მოუსმინეთ გამოძიების ბრალდებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და მოუსმინეთ თუნდაც ჩემს განცხადებებს“, – ნათქვამია ჭიაბერაშვილის განცხადებაში.