საზოგადოება
ჭიათურის მაღაროელები გაიფიცნენ

1-WiaTur-sazogadoeba3საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. დღეს დილიდან ჭიათურაში მაღაროელთა სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო. გაფიცულია ხუთი მაღარო და შვიდი გადამამუშავებელი ქარხანა, ასევე, დაცლილია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციული შენობა. გაფიცულებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: უქმე დღეებით სარგებლობა, საავადმყოფო ფურცელზე მყოფი ადამიანებისათვის დღეების რაოდენობის მომატება და შვებულების ვადის  28 კალენდარული დღიდან 45 კალენდარულ დღემდე გაზრდა.

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის – მალხაზ წერეთლის, განცხადებით, მაღაროელების მდგომაროებას ართულებს ის გარემოებაც, რომ კომპანიაში შიდა შემცირებები და სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება. მისივე თქმით, ამჟამად გაფიცულთა ნაწილი – „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულ შენობასთან, ხოლო 9 კაცი, რომელმაც პროტესტის უფრო მძიმე ფორმას მიმართა, შუქრუთის მაღაროს სიღრმეში იმყოფება.

დეპუტატისავე განცხადებით, ხსენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით მაღაროელებსა და აღნიშნულ კომპანიას შორის შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა, სწორედ პირობების შეუსრულებლობამ გამოიწვია მაღაროელთა ხელახალი პროტესტი. „თუ ამ ხალხს ყურადღება არ მიაქციეს, გაფიცვა პერმანენტულ სახეს მიიღებს და მოთხოვნებიც გაიზრდება“, – ამბობს მალხაზ წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ მაღაროელებმა სრულმასშტაბიანი გაფიცვა  2012 წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოაცხადეს და აქციები მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ხელისუფლებისგან მათი პრობლემების შესწავლის დაპირება მიიღეს.