აქტუალური
მძღოლების მორიგი გაფიცვა ბათუმში

1-mZRolebi-aqtuaaaaaluu3საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. დღეს დილიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების მორიგი გაფიცვა დაიწყო. ისინი ხელფასის გაზრდას მოითხოვენ, რასაც, მათი თქმით, ბათუმის მერია ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბერში დაჰპირდა, მაგრამ ეს დანაპირები არ შეუსრულებია.

ამასთან, ბათუმის მერია აცხადებს, რომ ბიუჯეტში საკმარისი სახსრებია მძღოლების ანაზღაურების გასაზრდელად, თუმცა, ქალაქის საკრებულოს სპეციალური კომისიის დასკვნით, გაფიცულთა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, თუ ამ დღეებში მოლაპარაკება ვერ შედგა, გაფიცვა უვადოდ გაგრძელდება. ისინი ხვალ აქციის გამართვას საკრებულოსთანაც გეგმავენ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია ერთი კვირის წინაც გამართეს, თუმცა, მაშინ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

300-მდე მძღოლი ქალაქის მერიას 10-პუნქტიან მოთხოვნას უყენებს, თუმცა, უპირველესად, მძღოლები საათში 5 ლარის ოდენობის ანაზღაურებას ითხოვენ, რაც ამჟამად 3,90 ლარს შეადგენს. გაფიცულები პრეტენზიებსაც გამოთქვამენ დაზღვევასა და მანქანის ხარჯებთან დაკავშირებით.