დღეს უსუფაშვილი და ბაქრაძე პრეზიდენტს შეხვდებიან
საქართველო, 11 თებერვალი,
საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი
დავით ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტს დღეს შეხვდებიან. უსუფაშვილის განცხადებით, უმრავლესობა ყოველთვის მზად იყო და დღესაც მზადაა ოპოზიციასა და ქვეყნის პირველ პირთან კონსტრუქციული დიალოგისთვის. მას მიაჩნია, რომ იმ ორი საკითხიდან, რომელთა შესახებაც დღევანდელ შეხვედრაზე იქნება საუბარი, პირველი და უმნიშვნელოვანესი საკითხი კონსტიტუციაში პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების შესახებ ცვლილებას ეხება. რაც შეეხება პარლამენტის ადგილსამყოფელს, ეს სასწრაფო განხილვას არ ექვემდებარება, რამდენადაც დედაქალაქში ამისთვის შენობა ჯერჯერობით მზად არ არის.
უსუფაშვილის განცხადებით, თუ ცენტრალურ საკითხთან მიმართებაში პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ ყველა სხვა დანარჩენი საკითხისთვის გზა გაიხსნება: „ჩვენ ველით პროგრესს ცენტრალურ საკითხზე იმ კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე, რომელზე შეთანხმებამაც უნდა გახსნას გზა ყველა სხვა მიმართულებით“.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადებით, „ის, პრინციპში, ამისთვის მზად არის... ჩვენ მათ პოზიციებს მოვისმენთ ყველა სხვა საკითხზეც“.