საზოგადოება
„112“ იუბილარია

1-112-sazogadoeba2საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. 11 თებერვალს საქართველოში, ისევე, როგორც ევროპაში, „112“-ის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, „112“-ის ოფისში სპეციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „112“-ის ხელმძღვანელი გიორგი ბიჭაშვილი დაესწრნენ. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთაც „112“-ის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

„112“-ზე დარეკვა საქართველოში მოქმედი ყველა ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელიდან შეიძლება. ზარის განხორციელება უფასოა და დარეკვა ტელეფონის ორმხრივად გათიშვის ან სიმბარათის არარსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია.

„112“ დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების ეფექტურ მართვას გზაჯვარედინებზე დამონტაჟებული შუქნიშნების მონიტორინგის გზით, რაც ხელს უწყობს შეუფერხებელ მოძრაობასა და შუქნიშნის წითელ სიგნალზე ლოდინის ხანგრძლივობის შემცირებას.

საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი „112“ ერთი წელია, ფუნქციონირებს და მის ძირითად ფუნქციას საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება და მათზე რეაგირება წარმოადგენს.  „112“-ზე დარეკვით მოქალაქეები სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურებს და საპატრულო პოლიციას შეუფერხებლად უკავშირდებიან. ერთიანი ქოლცენტრისა და ცენტრალიზებული სისტემის მიზანია, გადაუდებელი დახმარების სამსახურებთან მოქალაქეებს მარტივი და ხელმისაწვდომი კავშირი შესთავაზოს.

ცნობისათვის: 2009 წლის თებერვალში ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ  11 თებერვალი „112“-ის დღედ გამოაცხადეს. ეს თარიღი  ყოველწლიურად აღინიშნება და მიზნად ისახავს „112“-ის ცნობადობის გაზრდას. ევროკავშირი ამ მიზნით აქტიურად მუშაობს, რადგან   მნიშვნელოვანია, რომ ეს ნომერი ცნობადი იყოს ყველა ადამიანისათვის.