„დემონსტრაციაზე საზოგადოების ნაწილთან ერთად იმყოფებოდნენ წინა ხელისუფლებისაგან რეპრესირებულები, პოლტდევნილები და მათი ოჯახის წევრებიც, რომლებიც პირად ტრაგედიაში ,,ნაციონალური“ ხელისუფლების პირველი პირებს უშუალოდ ადანაშაულებენ. აქციის ძირითადი მიზანი დანაშაულებრივი რეჟიმის მხილება და მათ საქმეებზე საზოგადოების ყურადღების მიქცევა გახლდათ. ამასთან, დემონსტრანტები აღნიშნავდნენ, რომ ქვეყანას აღარ ჰყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი, მას უკვე ამოეწურა თანამდებობაზე ყოფნის ვადა“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, წინა ხელისუფლების დამნაშავე ელემენტებმა კვლავ მოახერხეს და მორიგი პროვოკაცია დაგეგმეს, ძალადობის პროვოცირება კი უშუალოდ გიგი უგულავამ მოაწყო. მან სამართალდამცველთა მიერ შეთავაზებული ალტერნატიული გზების გამოყენებაზე უარი განაცხადა და „ნაცმოძრაობის“ ცნობილ აქტივისტებთან ერთად მომიტინგეებს შოუს დადგმის მოწოდებით, შეურაცხმყოფელი შეძახილებით და მუჯლუგუნების კვრით მიეჭრა, რითაც რეჟიმისაგან გამწარებული ხალხის გაღიზიანება და აღშფოთება შეგნებულად გამოიწვია. „ამ ყველაფრის გამო მომხდარზე და განვითარებულ მოვლენებზეც სრული პასუხისმგებლობა სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უფრო ეფექტურები იყვნენ და დროზე გამოიძიონ წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებულებისა და რეპრესირებულების საქმეები.