საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. 8 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაკითხვაზე არიან დაბარებული ქალაქის მერი გიგი უგულავა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები გიორგი კანდელაკი, ლევან ბეჟაშვილი და სერგო რატიანი (კობა ხაბაზი დაკითხვაზე ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში გუშინ გამოცხადდა).
შეკითხვებზე პასუხების გასაცემად გიგი უგულავა სამართალდამცველებს მერიაში ელოდება, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები კი – პარტიის ცენტრალურ ოფისში.პარლამენტარ თინა ხიდაშელის განცხადებით, გამომძიებლების თავად მისვლაც არ არის პრობლემა, რადგან უმცირესობა არაადეკვატურად იქცევა, როცა აცხადებს, რომ თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს და სამართალდამცველებს პარტიის ოფისში ელოდება.
„თუ მათ უკვე შეიზღუდეს საკუთარი თავი და თვლიან, რომ უკვე პატიმრები არიან, პრობლემა არ არის, მივიდნენ მათთან გამომძიებლები, რადგან გამომძიებელი ორ შემთხვევაში მიდის – პატიმართან და ავადმყოფთან. აირჩიონ, რომელი არიან. მთავარია, დაკითხვა შედგეს, მაგრამ მათი მხრიდან ამ განცხადებების გაკეთება სამარცხვინოა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შსს აფრთხილებს ქალაქის მერს, რომ თუ ის არ შეასრულებს მისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობებს და არ გამოცხადდება ჩვენების მისაცემად, მისი უმოქმედობა მიჩნეულ იქნება, როგორც მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა და მის მიმართ გატარდება საპროცესო კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.
ცნობისათვის: დღეისათვის გამოძიების ეტაპზე დაკითხვასთან დაკავშირებით მოქმედი სსსკ 94-ე მუხლის I ნაწილით დადგენილი იმპერატიული წესის თანახმად, მოწმე ვალდებულია, გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გამოძახებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ მოწმე არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მოყვანილი – კერძოდ, მოქმედი კანონდმებლობით, გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე, წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, გასცემს ბრძანებას პირის იძულებით მიყვანის შესახებ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენებაზე უარის თქმა არის სისხლის სამართლის დანაშაული.
სსსკ 169-ე მუხლში მოცემულია იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელთა ბრალდებულად ცნობა საქართველოს პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს სპეციალურ თანხმობას მოითხოვს. ამ ჩამონათვალში არ არის ქალაქის მერი.