სამართალი
ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდა

1-axalaia-samarTaaa3საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო. შსს-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში,  ბაჩანა ახალაიამ ინფორმაცია მიიღო შს სამინისტროს შვიდი თანამშრომლის შესახებ, რომ მათ  განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გააჩნდათ.  ამ საბაბით,  ბაჩანა ახალაიამ  ამ თანამშრომელთა   დასჯა-წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება და შესრულება დაავალა თავის ნდობით აღჭურვილ, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს: დავით ვეკუას,  მამუკა აბაშიძეს და დავით ჩუბინიძეს.

2012 წლის 18 აგვისტოს  ბაჩანა ახალაიამ  ბრძანება გასცა,  სასწრაფოდ შეეკრიბათ პირველი სამმართველოს პირადი შემადგენლობა, რასთან დაკავშირებითაც, პირველი სამმართველოს იმჟამინდელმა უფროსმა დავით ვეკუამ შს სამინისტროს ბაზაზე პირადი შემადგენლობის სრულად შესაკრებად განგაში გამოაცხადა. დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის,   შს მინისტრი ბაჩანა ახალაია  ბაზაზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. სამწყობრო მომზადების მოედანზე შეკრებილი იყო I სამმართველოს მთელი პირადი შემადგენლობა.  ოფიცრები შეიყვანეს დარბაზში, სადაც ბაჩანა ახალაიამ  შვიდ მათგანს მიმართა და უთხრა, რომ არსებობდა ჩანაწერები იმის შესახებ, რომ ისინი თანაუგრძნობდნენ ოპოზიციურ პარტიებს. ბაჩანა ახალაიამ  მათ  მოღალატეები უწოდა,  ყველა მათგანი პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა, დავით ვეკუამ კი შვიდივეს   სამხრეები ჩამოახია და უთხრა, რომ მათი კარიერა დამთავრდა.

იმავე დღეს შს მინისტრის ბრძანების თანახმად, ყველა მათგანი გაათავისუფლეს  დაკავებული თანამდებობიდან და   კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში გადაიყვანეს.

ამის მიუხედავად, 2012 წლის 19 აგვისტოს, დილით ადრე, ბაჩანა ახალაიამ თავის კაბინეტში დაიბარა შვიდივე თანამშრომელი და უთხრა, რომ ისინი უნდა წასულიყვნენ ოფიცერთა გადამზადების კურსებზე.

ბაჩანა ახალაიასგან წინასწარ მიღებული ბრძანების თანახმად, დავით ვეკუამ,  მამუკა აბაშიძემ და დავით ჩუბინიძემ ზემოთ აღნიშნული პირები და სხვა, მათთვის საეჭვო რეპუტაციის მქონე 38 თანამშრომელი, თითქოსდა ,,რეინჯერთა" მომზადების კურსის გავლის საბაბით, მიიყვანეს  შს სამინისტროს  სპეციალური მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც მიყვანისთანავე,  შვიდივე დააცალკევეს და მათი ხელმძღვანელობა დაავალეს თავდაცვის სამინისტროდან თითქოსდა გადმოყვანილ, სინამდვილეში კი ამ უწყებასთან კონტრაქტგაწყვეტილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს: ალექსი დავითაშვილს, დავით გიორგაშვილს, რობერტ სუთიძეს და ვლადიმერ ზანგიევს. ე.წ. ,,ინსტრუქტორებმა"  და მათმა ხელმძღვანელებმა, რომლებიც ძირითადად  ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, შვიდივე დასასჯელ პირს მიყვანისთანავე შეუქმნეს პატივისა და ღირსების შემლახავი პირობები და აუკრძალეს ახლობლებთან კონტაქტი.  ისინი  გააშიშვლეს და  მთელი დღის განმავლობაში სირბილს  აიძულებდნენ, დაღლილებს,   ყელზე გამობმული ქამრით მიწაზე ათრევდნენ, სცემდნენ, პერიოდულად  ერთმანეთში ჩხუბს აიძულებდნენ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მათ ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ, რა დროსაც,  დაშინების მიზნით, ერთერთმა ,,ინსტრუქტორმა" ცეცხლსასროლი იარაღით მოახდინა გასროლა დასჯილთა მიმართულებით, შემდეგ კი იარაღის კონდახით სცემა ისინი. შვიდივე ნაცემი და ნაწამები თანამშრომელი ამოთხრილ ორმოში  ჩაყარეს და ზემოდან მიწა დააყარეს. ამის  შემდეგ, კვლავ გააგრძელეს მათი წამება. ყველა მათგანი წაიყვანეს საველე კლასში და სცემეს ჯაჭვისა და ჯოხის გამოყენებით. დღის ბოლოს კი შვიდივე პირი შეიყვანეს იქვე მდებარე  მიტოვებულ შენობაში,  უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, კარები ბოქლომით დაუკეტეს და იქ დილამდე არაადამიანურ პირობებში ამყოფეს.

ასეთ მდგომარეობაში ისინი ერთი თვის განმავლობაში  იმყოფებოდნენ, 2012 წლის 21 სექტემბრამდე. ბაზიდან წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, შვიდივე  კატეგორიულად გააფრთხილეს, ეთქვათ, ვითომ დაზიანებები წვრთნის დროს ჰქონდათ მიღებული,  სხვა შემთხვევაში - ოჯახებს აუწიოკებდნენ.    

აღნიშნული ქმედებების შედეგად,  შვიდივე პირმა  მიიღო სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება, მოტეხილობა,  დაჟეჟილობა   და ფსიქიკური ტრავმა. მიუხედავად აღნიშნულისა, მათთვის  არ აღმოუჩენიათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება,  რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.  ისინი დღემდე გადიან რეაბილიტაციის კურსს.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 143-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შსს გენერალური ინსპექციის მიერ  დაკავებული არიან შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის ყოფილი უფროსი,  ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე,  შს სამინისტროს  სტრატეგიული მილსადენების დაცვის საკონტრაქტო თანამშრომელი დავით ჩუბინიძე,   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები: კაპრალი დავით გიორგაშვილი,  კაპრალი ალექსი დავითაშვილი, რიგითი ვლადიმერ ზანგიევი  და რიგითი რობერტ სუთიძე.

საქმეში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.