პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება

1-politika3-mTavariსაქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. 8 თებერვალს  ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შექმნილი ვითარების გამო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა, რომლის ტექსტსაც საქინფორმი გთავაზობთ სრულად:

„მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ – სიტყვით გამოსულიყო ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, შსს-ს უკლებლივ ყველა დანაყოფი, ვინც დადგენილი წესის თანახმად, ჩართულია ხოლმე ასეთ დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში, კერძოდ: საპატრულო პოლიცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, დედაქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველო, დაუყოვნებლივ იქნენ მობილიზებული, რათა უზრუნველგვეყო, როგორც პრეზიდენტის, აგრეთვე, მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.

ამასთანავე, ყველასთვის და მათ შორის,  უმცირესობისათვის, ცნობილი იყო, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან  შეკრებას აპირებდნენ  უკანასკნელ პერიოდში გათავისუფლებული პოლიტპატიმრები და  მათი ოჯახის წევრები, ასევე, 26 მაისის და 7 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაზარალებული მოქალაქეები.

მოსალოდნელი ექსცესების თავიდან აცილების მიზნით, პოლიციამ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ დროში შეძლო უზუნველეყო შენობაში ორი ალტერნატიული შესასვლელი.

გაკეთდა შესაბამისი კორიდორი, რათა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში უსაფრთხოდ შესულიყვნენ პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი შეთავაზების მიუხედავად, რომ პრეზიდენტს ესარგებლა ალტერნატიული შესასვლელით, პასუხად მივიღეთ საქართველოს  პრეზიდენტის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მხოლოდ ცენტრალური შესასვლელით ისარგებლებდა.

ამის თაობაზე, მე პირადად ვესაუბრე უშიშროების საბჭოს მდივანს და იმედი მაქვს, რომ  იგი არ უარყოფს ამ ფაქტს.

ამის შემდეგ, რასაც ახლა მოგახსენებთ, კარგად ჩანს ვიდეოკადრებში, როგორ მივიდა შენობასთან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა, რამაც ხალხის პირველი მღელვარება გამოიწვია. პოლიციელების რჩევის მიუხედავად, დაუყოვნებლივ შესულიყო შენობაში, ის მაინც გარეთ, აქციის მონაწილეებთან დარჩა, რამაც კიდევ  უფრო გააღიზიანა დემონსტრანტები.

ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში, მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა თბილისის მერი, „ნაციონალური მოძრაობისა“ და საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან ერთად.  კადრებში კარგად ჩანს, რომ  დედაქალაქის მერი და მისი თანმხლები პირები (რომელთა შორის სს პასუხისგებაში მიცემული მოხელეებიც იყვნენ), სამწუხაროდ, მოქმედებდნენ, როგორც პროფესიონალ პროვოკატორთა ჯგუფი, რომლებიც  მიზანმიმართულად ფიზიკურ კონტაქტზე წავიდნენ იქ შეკრებილ დემონსტრანტებთან, რამაც, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოიწვია ისედაც დაძაბული ხალხის  უკიდურესი აღელვება და დაიწყო შეხლა-შემოხლა, ფიზიკურად დაზიანდნენ ადამიანები, მათ შორის, პოლიტიკოსები.

სიტუაციის ხელოვნურად გართულების შემდეგ, მე პირადად მივედი ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან და მოვუწოდე დემონსტრანტებს, რათა დაუყოვნებლივ დაშლილიყვნენ და სამართალდამცავი ორგანოებისთვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების საშუალება მიეცათ. ამის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.

საგანგაშოა, როცა აღნიშნული კონფლიქტის გამოწვევას და პროვოცირებას ადგილი ჰქონდა ქალაქის მერის გიგი უგულავას, „ნაციონალური მოძრაობის“ და საპარლამენტო უმცირესობის წევრების მხრიდან.  ჩვენ დავიწყეთ ინციდენტის გამოძიება და პირობას ვიძლევით,რომ კანონის წინაშე პასუხს აგებენ, როგორც პროვოკაციის ინიციატორები, ასევე ის ხალხი, ვინც ჩაიდინა ძალადობა. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს და საფუძველშივე აღკვეთს დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას.

არანაირი საფუძველი ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევისა არ არსებობს და საქართველოს პოლიცია ყოველთვის იქნება საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების სრულფასოვანი რეალიზაციის გარანტი“.

1-politika3-1 1-politika3-2
1-politika3-3 1-politika3-4