საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 8 თებერვალს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარლამენტის წინაშე წარმოსათქმელი სიტყვით იქ დამსწრე ქართველ საზოგადოებას და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართა:
„უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი შეშფოთება და გულისტკივილი გამოვთქვა დღევანდელი მოვლენების გამო. თქვენ იცით, რომ ჩვენ არ გვინდოდა რაიმე სახის გართულება და შეტაკება.
საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურად მიდის პარლამენტში და აკეთებს მოხსენებას.მე ვიყავი პარლამენტის წევრი, როდესაც იგი აკეთებდა მოხსენებას, მე ვიყავი პარლამენტის უმრავლესობის წევრი, როდესაც მოდიოდა პრეზიდენტი და მე ვიყავი პარლამენტის უმცირესობის, ოპოზიციის წევრიც, როდესაც მოდიოდა ჩემი წინამორბედი, პრეზიდენტი შევარდნაძე.
მე დიდი სიამოვნებით ვესწრებოდი ხოლმე გამოსვლებს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიყავი ოპოზიციაში პრეზიდენტთან, რადგან ეს იყო მშვენიერი შესაძლებლობა გამოგვეხატა ჩვენი აზრი და პოზიცია, ასევე ქვეყნისთვის მიგვეცა შედარების შესაძლებლობა.
სწორედ ამითაა ასეთი გამოსვლები მნიშვნელოვანი და ეს შანსი ჰქონდა საქართველოს დღევანდელ პარლამენტსაც.
ყველაფერი შეთანხმებული იყო და დღეს 2 საათზე ვაპირებდი იქ მისვლას და გამოსვლას, რის შემდეგაც ყველა მათგანს: ფრაქციის თავმჯდომარეებს, ვიცე სპიკერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობა ექნებოდათ გამოსულიყვნენ, დაესვათ ჩემთვის მწვავე შეკითხვები ყველა საკითხთან დაკავშირებით.
ალბათ, ძალიან მკაცრად გამაკრიტიკებდნენ, დამგმობდნენ; ალბათ, ამას მოვისმენდი, გავითვალისწინებდი ან შევეპასუხებოდი, მაგრამ ასე მუშაობს დემოკრატია.
გუშინწინ შედგა დებატები, რომელიც, როგორც ჩანს, ვიღაცას არ მოეწონა და ამის შემდეგ მოულოდნელად გამოცხადდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იყო გადადებული. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გამოსვლის ტექსტზე მუშაობა უკვე დასრულებული მქონდა.
გამოსვლა გადაიდო ულტიმატუმის ფორმით: პრეზიდენტი ვერ გამოვიდოდა პარლამენტში, ვიდრე პარლამენტის უმრავლესობა და უმცირესობა ერთად არ დათანხმდებოდნენ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არ შეეხება იმას, ექნება თუ არა პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის უფლება.
ეს უფლება ძალიან ეფემერულია კონსტიტუციაში და არაერთხელ მითქვამს, რომ მის გამოყენებას, მით უმეტეს, არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, არ ვაპირებ.
ძალიან კარგად მესმის პოლიტიკური დინამიკა და ძალიან კარგად ვიცი, რომ მთავრობის დათხოვნა, მით უფრო, ამ ეტაპზე, სამ, ოთხ, ხუთ თვეში დამანგრეველია, უპირველესად, მისთვის, ვინც ამას გააკეთებს; იმ პოლიტიკური ძალისთვის, ვინც ამის ინიცირებას მოახდენს.
როგორც არაერთხელ განვმარტეთ, საკონსტიტუციო ცვლილებისთვის უმრავლესობას აქვს სხვა ბევრად უფრო სერიოზული მიზეზები. ეს უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემაც აღნიშნა.
ჩვენ მზად ვიყავით დავთანხმებოდით მათ მოთხოვნას, რომელიც გულისხმობდა, რომ პრეზიდენტის რამდენიმეთვიანი უფლება - დაეთხოვა მთავრობა - ინსტიტუციურად გაუქმებულიყო.
თუმცა, ვიმეორებ, რომ ისინი სწორედ ამ კონსტიტუციით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამავე კონსტიტუციას ეთანხმებოდნენ, როდესაც კენჭს იყრიდნენ შარშან, ოქტომბერში.
ეს იყო დადგენილი თამაშის წესები და როდესაც თამაშის წესებს გზადაგზა ცვლი, ეს თავისთავად არის დემოკრატიის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება.
რეალურად, ეს ცვლილებები არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე პრეზიდენტის ეფემერული უფლებამოსილებების, ჩემთვის, პრინციპში, უმნიშვნელო შეზღუდვა.
პირველი, რაც მათ უნდათ, არის საქართველოს პარალმენტის გადმოტანა ქუთაისისდან თბილისში. ამას მე კატეგორიულად არ ვეთანხმები. ამას არ ეთანხმება უმცირესობის ყველა პასუხისმგებელი წევრი.
ეს არის პირველი მთავარი განსხვავება ჩვენსა და საქართველოს მთავრობას შორის.
პარლამენტის თბილისში გადმოტანის მოტივაცია მათ კარგად გაახმოვანეს - მთავრობას სურს, რომ კარგად აკონტროლოს პარლამენტი.
როდესაც მე და ჩემი მეგობრები - წინა მოწვევის პარლამენტის უმრავლესობა გამოვიდა საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანის ინიციატივით, მთავარი მოტივაცია სწორედ ის იყო, რომ პარლამენტი ყოფილიყო ძლიერი და არ მოქცეულიყო მთავრობის წნეხის ქვეშ.
საკანონმდებლო ორგანომ ბევრი ბერკეტი უნდა აიღოს ხელში. ხალხი ფართოდ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, პარლამენტი უნდა იყოს საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში,
აუცილებელია, რომ დასავლეთ საქართველოს ასევე ჰქონდეს თავისი პოლიტიკური მიზიდულობის მნიშვნელოვანი ადგილი. ეს საჭიროა მისი განვითარებისთვის და წელში გასამართად, რათა ჩვენი მტრის ოცნება - ისევ შეიზღუდოს საქართველო, ჩემი ერთი კოლეგის თქმით, „ტიფლისკაია გუბერნია“-მდე, ვერავინ ვეღარასდროს შეძლოს.
პირველი ჩვენი განსხვავება, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით არის პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანა და მისი მთავრობის კონტროლქვეშ მოქცევა.
მეორე, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით და რასაც უმცირესობა არ ეთანხმება, რასაც პირადად მე არ ვეთანხმები, როგორც პრეზიდენტი, ეს არის ახალი ინიციატივა - საქართველოში გაუქმდეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები.
ამისთვის სჭირდებოდათ მათ უმრავლესობა, რაც დროზე ადრე გაახმაურეს. ამისთვის იბრძვიან დღეს - მათ სურთ, რომ შემდეგი, უახლოესი არჩევნები საქართველოში აღარ გაიმართოს.
წინა არჩევნები გაიმართა ისე, რომ თუკი ხალხს არ მოეწონებოდა სამთავრობო კურსი, პრეზიდენტად შეეძლო აერჩია სხვა; თუ არ მოეწონებოდა პრეზიდენტი და მთავრობა, ადგილობრივი მმართველობა შეერჩია სხვა. ასე ჩამოყალიბდებოდა სრულფასოვანი დემოკრატია...
ალბათ, აქ არის რამდენიმე სხვა საკითხი, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციას, მათ შორის, უკავშირდება სასამართლო ხელისუფლებას, კერძოდ კი, სასამართლო ხელისუფლებაზე სრული კონტროლის დამყარებას აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.
წარსულში, ამ მხრივ, იდეალურად არ გვქონდა საქმე, მაგრამ ახლა გაჩნდა შანსი, რომ სასამართლოს ხელისუფლება ბევრად უფრო დამოუკიდებელი გახდეს. ვფიქრობ, ამ პროცესის ინსტიტუციურად მოკვლა სრულიად წარმოუდგენელია, რადგან დღეს მას დამოუკიდებლობის ინსტიტუციური გარანტიები აქვს.
დღეს ბევრად უფრო სერიოზული კამათი მიმდინარეობს კონსტიტუციის გარშემო და ბევრად უფრო შორს წასული შედეგების მქონე საზოგადოებისთვის, ვიდრე ამის წარმოდგენა სურთ.
ბრძოლა მიდის, პარალამენტის დამოუკიდებლობის მოკვლაზე, ბრძოლა მიდის სასამართლოს ხელისუფლების მოკვლაზე, ბრძოლა მიდის შემდეგი არჩევნების გაუქმებაზე - ქართველ ხალხს ართმევენ უფლებას პირდაპირი წესით აირჩიონ საკუთარი პრეზიდენტი.
აი, ეს არის სიმართლე.
დღეს მოვისმინეთ ძალიან უცნაური განცხადება: პრეზიდენტმა უნდა დაგვაცადოს, რომ წყნარად მოვაგროვოთ 100 ხმა და შემდეგ მოვიდესო. ასე განაცხადა დღეს მთავრობის წარმომადგენელმა.
დღეს ისიც მითხრეს, თურმე ის აზრიც კი, რომ პრეზიდენტი შეიძლება გავიდეს და რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ხალხს შეხვდეს, პროვოკაციაა.
საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც ჯერ მთავრობის სახლში გამოკეტეს, ხოლო ბოლოს ამ მთავრობის სახლის სარდაფში, ბუნკერში.
დღემდე გრძელდება ეს ისტორია საქართველოსთვის, აფხაზეთსა და ცხინვალში, იმ მოუშუშებელ ჭრილობებში, რომელიც საქართველოს სხვა რეგიონებში დარჩა. მათ შორის გამოხატულია სოციალურ დაძაბულობაში, რომელიც ჯერ კიდევ შეიმჩნევა და ჩვენ ეს კარგად ვიცით.
მინდა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვუთხრა, რომელიც მისი ლიდერის დაკვეთით მომიწოდებს, რომ არ გამოვიდე სასახლიდან: ვერავინ ვერ ჩამკეტავს ვერც ამ სასახლეში და ვერც ამ სასახლის ბუნკერში. ეს სასახლე შუშისაა და მას ბუნკერები არ აქვს. შუშის კი იმიტომაა, რომ გამჭვირვალე იყოს ხალხისათვის - ყველამ უნდა იცოდეს რა ხდება აქ.
ჩვენ იმიტომ ვართ აქ, რომ ვიაროთ ყველგან, შევხვდეთ საზოგადოებას, გავაცნოთ ჩვენი პოზიცია და ვიბრძოლოთ უკეთესი საქართველოსთვის.
ქალბატონებო და ბატონებო,
ქართველი ხალხის წარმომადგენლებო,
ძვირფასო თანამოქალაქენო,
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ისეთი რამის მოწმენი გავხდით, რაც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ შორეული მირაჟი იყო: ჩვენი საყვარელი საქართველოს აღორძინების, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყნისა, რომელიც დაადგა გზას ევროპული ოჯახისა და ევროპული ბედისკენ.
საქართველო უკვე არის ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფლება, მიჰყვეს საკუთარ კურსს და თავადვე აირჩიოს ალიანსები.
ეს არის ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეებს უკეთეს ცხოვრებასთან დაკავშირებულ დაპირებებს უსრულებს.
ეს ის ქვეყანაა, სადაც თავისუფლად ირჩევენ ხალხის წარმომადგენლებს და მათ ამ დანაპირების შესრულება ეკისრებათ.
ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ თქვენ და თქვენი სახით მივმართო ჩვენს საერთო ბატონს - ქართველ ხალხს.
მე აქ მოვედი არა როგორც პარტიის ლიდერი, არამედ როგორც პრეზიდენტი და მოქალაქე.
მე აქ განსხვავებული შეხედულებების ხაზგასასმელად არ მოვსულვარ, რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს ჩვენს შორის განსხვავება; მე აქ მოვედი, რათა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რამაც უნდა გაგვაერთიანოს - გააერთიანოს საქართველოს მოქალაქეები და ის ადამიანები, რომლებმაც ვალდებულება იკისრეს წარ